სერგეი ლავროვი: ქართველ კოლეგასთან გვქონდა შეხვედრა, რომელიც მან ითხოვა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ნიუ–იორკში ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრა ქართული მხარის მოთხოვნით შედგა. ამის შესახებ ლავროვმა გაეროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„იყო შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელიც მან ითხოვა“, – განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, შეხვედრასთან დაკავშირებული ზოგიერთი კომენტარი ღიმილისმომგვრელია.
„კომენტარები, რომელსაც თავად ქართველები აკეთებენ, ღიმილისმომგვრელია“,– აღნიშნა რუსეთის პირველმა დიპლომატმა.
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, სერგეი ლავროვისა და დავით ზალკალიანის შეხვედრა 26 სექტემბერს გაიმართა.