რუსუდან თევზაძე: რუსეთ-საქართველოს პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის გზა ყოველდღიურად უნდა ვეძიოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების, მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერი, რუსუდან თევზაძე მიიჩნევს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლის გზები ყოველდღიურად უნდა ვეძიოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების, მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით. მისი თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებელია კვალიფიციური და კომპეტენტური ჯგუფით რუსეთთან ღირსეული და პრინციპული მოლაპარაკებების წარმოება.

“დრო და ვითარება გვარწმუნებს, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი უპირველესი გამოწვევა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული პოლიტიკური ჩიხია, საიდანაც გამოსასვლელი გზა ყოველდღიურად უნდა ვეძიოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების, მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით.
ბოლო წლების განმავლობაში, სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისგან, პრობლემის მოგვარების მრავალი მოსაზრება მოვისმინეთ და მრავალგვარი ქმედება ვნახეთ, თუმცა არც ერთი მათგანი არ გამოირჩეოდა მაღალი პოლიტიკური კულტურითა და სახელმწიფოებრივი აზროვნებით.
სამწუხაროდ, ვერც ურაპატრიოტულმა საბრძოლო რიტორიკამ, ვერც მავთულხლართებით შემორაგულ ხელოვნურ საზღვართან განხორციელებულმა, ისტორიული ჟანრის ჰოლივუდური ფილმებით ნაკარნახევმა პერფორმანსებმა, ვერც სატელევიზიო ღია ეთერში სრულად უადგილოდ და უდროოდ გაჟღერებულმა გინებამ და „მთავარი ოკუპანტის“ მშობლების საფლავების მოხსენიებამ, ვერც პარლამენტის წინ თვეების განმავლობაში მიმდინარე არახალხმრავალი ე.წ. „ანტისაოკუპაციო“ თავყრილობის მცდელობამ, ამ მიმართულებით სასურველი შედეგი ვერ გამოიღო და სავარაუდოდ ვერც გამოიღებდა. ამდენად, საქართველოს და მისი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ბევრი სხვა კომპონენტის გათვალისწინებით, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გარკვევისა და მისი შესაძლო დარეგულირების მიზნით, ერთ-ერთ ყველაზე რთულ, თუმცა მეტ-ნაკლებად რეალურ და ქმედით იარაღად კვლავაც რჩება ჩრდილოელ მეზობელთან მოლაპარაკების გზა.
ფლობს თუ არა ჩვენი ქვეყანა შესაბამის რესურსს და დიპლომატიურ ხელოვნებას ამ ურთულესი და რისკებით სავსე მისიის შესასრულებლად, დრო დაგვანახებს. ფაქტია, რომ ხელისუფლებამ, რუსეთთან მოლაპარაკებების გზა უნდა აწარმოოს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი უცხოელი პარტნიორების თანხმობითა და ჩართულობით. ასევე უმნიშვნელოვანესია ის ფაქტორიც, რომ ამ ქმედების საჭიროება და გარდაუვალობა აღიაროს როგორც ქვეყანაში არსებულმა ოპოზიციურმა სპექტრმა, ისე საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა, ყველამ, ვისთვისაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ქვეყანაში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი და ღირსეული მოგვარება.
ვფიქრობ, გრძელვადიან პერსპექტივაში სრულად აუცილებელია უაღრესად კვალიფიციური და კომპეტენტური ჯგუფით რუსეთთან ღირსეული და პრინციპული მოლაპარაკებების წარმოება, რათა მაქსიმალურად შევამციროთ მათგან მოსალოდნელი საფრთხეები და ხელი შევუწყოთ ქვეყნის პოლიტიკურ მდგრადობას”,- აცხადებს რუსუდან თევზაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები