ფარავნის ტბასთან და წმინდა ნინოს მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის სამუშაოები იწყება

საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბასთან და წმინდა ნინოს მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს იწყებს. პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტია.

აღნიშნულ პროექტზე უკვე დასრულდა სატენდერო პროცედურები და გამოვლინდა გამარჯვებული, რომელიც სამუშაოებს მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყებს.

ფარავნის ტბის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ითვალისწინებს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსადგომის, ფარავნის ტბის ჯებირისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობას. ასევე, დაგეგმილია წმინდა ნინოს დედათა მონასტრიდან ფარავნის ტბის სამხრეთ სანაპირომდე საფეხმავლო ბილიკების მოწყობა.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ასევე გათვალისწინებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან – წმინდა ნინოს მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, მონასტრის შესასვლელთან ავტოსადგომის და ტურისტული ობიექტების მოწყობა, ვიზიტორთა ცენტრის, სადეგუსტაციო ოთახის, სამზარეულოს, ხელნაკეთი სუვენირების მაღაზიის მშენებლობა. სამუშაოები ასევე მოიცავს რეგიონისთვის სახასიათო არქიტექტურის ნიმუშის – გვირგვინით გადახურული დარბაზული სახლის აღდგენას, ობიექტების წყალმომარაგებისთვის ჭაბურღილისა და ბიოლოგიური საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას და მონასტრის ტერიტორიის კეთილმოწყობას.

ნინოწმინდის  მუნიციპალიტეტში ფარავნის ტბის ნაპირის მოწყობა და წმინდა ნინოს ტაძართან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვნად დაეხმარება და გაზრდის ტურისტულ პოტენციალს და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები