მწყემსის ადვოკატი “სმიტების მკვლელობის საქმეს” მისტიურს უწოდებს და კონკრეტულ არგუმენტებს ასახელებს
მალხაზ კობაურის საქმე მისტიური საქმეა, ეს არ არის სამართლებრივ ჩარჩოში განსახილველი, – ამის შესახებ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული, მალხაზ კობაურის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
ადვოკატი, კობაურის გუშინდელ ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელიც მსჯავრდებულმა „მთავარ არხს” მისცა. როგორც ალექსანდრე კობაიძე ამბობს, კობაურმა გააცნობიერა, რომ მთელი ცხოვრება ციხეში უნდა გაატაროს იმ დანაშაულისთვის, რაც არ ჩაუდენია, ამიტომაც გადაწყვიტა ალაპარაკება და ამიტომაც, საუბრობდა გამართულად სატელეფონო ინტერვიუში.
„მალხაზ კობაურის საქმე მისტიური საქმეა, ეს არ არის სამართლებრივ ჩარჩოში განსახილველი, რა ბრალდებაც კობაურს ჰქონდა წარდგენილი იყო მისტიკა და არა რეალობა. ისეთი ალოგიკური ქრონოლოგია იყო ფაქტობრივი გარემოებების, რომ ვერცერთ რეალობას ვერ შეესაბამება.
რაც შეეხება ჟურნალისტურ გამოძიებას, ამ გამოძიებაში ჩართულები იყვნენ ამერიკელი და ქართველი ჟურნალისტები. ჟურნალისტთა ჯგუფმა აღნიშნა, რომ საქმეში იყო იდენტური ჩვენებები, გამოძიება დაიწყო 6 რიცხვში და გამოძიების ბარათი 5 რიცხვით თარიღდებოდა. სმიტები 5-ში ცოცხლები იყვნენ. გასათვალისწინებელია ის ფაქტი,რაზეც დაცვის მხარე აპელირებდა – გვამის გადაადგილება როგორ მოხდა დანაშაულის ადგილიდან 2 კილომეტრში, იმ რელიეფში, სადაც ფაქტობრივად სიარულიც წარმოუდგენელია. როგორ მოახერხა კობაურმა, რომ გვამი გადააადგილა რამდენიმე საათში.
ისეთი მნიშვნელოვანია არგუმენტებია, რომ ლაიტმოტივად ყოველთვის გაჰყვება ამ ტრაგიკულ საქმეს. ძალიან ცუდია, რომ ამ საქმეს შეეწირა სმიტების ოჯახი და სამწუხაროდ, შეეწირა მალხაზ კობაური“, – განცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, გუშინ კობაურმა ინტერვიუ „მთავარ არხს“ მისცა. ის ყვება რომ სმიტები სხვა პირებმა მოკლეს.
“რამდენიმე ადამიანი ქართულადაც საუბრობდა. რაიან მაიკლის ენაზეც, ეტყობა თავიანთი ენა იყო. კი არ ესაუბრებოდა, უყვიროდა. წაართვეს ტელეფონი. მე ეს ვუთხარი პოლიციას რაღაც საბუთებიც დავინახე, რომელიც ქალს ამოაცალეს ჩანთიდან. სურათი რომაა, თოფი რომ მიკიდია მხარზე, ეგ მკვლელების გადაღებულია”,- აცხადებს კობაური.
კითხვაზე, რატომ დატოვეს ის ცოცხალი დამნაშავეებმა, მწყემსი ამბობს, რომ სმიტების მკვლელებს სურდათ საქმე მის წინააღმდეგ აღძრულიყო.
ცნობისთვის, ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობასა და ლორა სმიტის გაუპატირების საქმეზე მსჯავრდებულ მალხაზ კობაურს მოსამართლემ უვადო თავისუფლების აღკვეთა 27 მარტს შეუფარდა.