“ბავშვის ბიძა ნასვამი იყო და რა თქმა უნდა, არ გავაყოლეთ” – რა მოხდა რეალურად დარჩელის საბავშვო ბაღში

ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, ბათლომე შელიამ  სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღში პატარა ბავშვები იატაკზე წვანან და ერთ-ერთი აღმზრდელის ხმა ისმის, რომ გადაღება არ შეიძლება. სოციალურ ქსელში ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
რა მოხდა რეალურად დარჩელის საბავშვო ბაღში. “რეგიონულმა კვირამ” გაარკვია, რომ საბავშო ბაღში ერთ-ერთი აღსაზრდელის ბიძა, რომელმაც ვიდეო გადაიღო და “ევროპული საქართველოს” ოფისში მიიტანა, არაფხიზელ მდგომარეობაში იყო მისული. პედაგოგებმა კი მას ბავშვის წაყვანის უფლება არ მისცეს.

“გაფრთხილებულები ვიყავით დედისგან, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბიძისთვის და მამისთვის ბავშვი არ უნდა გაგვეყოლებინა. ოთახში იყო აქტივობა, ბავშვები ხალიჩაზე დაგებულ ლეიბზე ისვენებდნენ და ამ დროს შემოვიდა ერთ-ერთი აღსაზრდელის ბიძა, რომელიც ნასვამი იყო. ჩვენ ბავშვი, რა თქმა უნდა, არ გავაყოლეთ,”- აცხადებენ პედაგოგები.
აღნიშნულ ფაქტს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – კონსტანტინე კაკავა გამოეხმაურა. მისი თქმით, მომხდარს შეისწავლიან და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
ამასთან, მერის მოადგილის ინფორმაციით, დარჩელში ახალი ბაღი აშენდება, რომლის პროექტირების სამუშაოები ახლა მიმდინარეობს.
„დარჩელის საბავშვო ბაღში არ გვყავს ბაგას ჯგუფი. შესაბამისად, აქ არ არის დასაძინებელი ოთახები და ბავშვები არ იძინებენ. რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოს, ამ ფაქტს ჩვენ შევისწავლით, ინფორმაციის წინასწარი მოკვლევით, ეს არის უშუალოდ ბაღის ხელმძღვანელობის თვითშემოქმედება, რომელიც რა თქმა უნდა რეაგირების გარეშე არ დარჩება. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დარჩელში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდება. ახალი ბაღი 180 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტირების სამუშაოები. პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს შესრულებულია საპროექტო სამუშაოების 90 %. მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 7 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება. ბაღები აშენდება, ანაკლიაში, ჯუმში, შამგონაში ჭითაწყარში, რუხში, დარჩელში და ზუგდიდში ნიკოლაძის ქუჩაზე“. – განმარტა მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ.

ცნობისთვის, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბათლომე შელიას განცხადებით, მოქალაქემ მათ დახმარებისთვის მიმართა და აღნიშნული ვიდეო გადასცა, რომელიც შემდგომ სოციალურ ქსელში გაასაჯაროვეს.
მისივე თქმით, ფრაქცია საკრებულოს უახლოეს სხდომაზე ბაღებში მონიტორინგის ჯგუფების შექმნის საკითხს დააყენებს.
„ჩემთან მოვიდა მოქალაქე თორნიკე ხარამიშვილი, რომელმაც კადრები მოგვიტანა და საკმაოდ შემაშფოთებელი იყო ეს კადრები, ბუნებრივია ჩვენი რეაქცია იყო პირველი ამ კადრების გასაჯაროვება. დღეს, თურმე რაც ხდება ბაღებში, ეს ქართული ოცნების სტილია. ერთი წლის წინ არსებობდა ამ პრობლემის შესახებ ინფორმაცია და მივმართეთ ზუგდიდის რესურს ცენტრს, და შედეგს თქვენც ხედავთ. ჩემი ინფორმაციით, დირექტორი დიდი ხანია ითხოვს ბაღისთვის პირობების შექმნას, ხელისუფლება კი ჰპირდება მომავალში ბაღის აშენებას, მაშინ, როცა ელემენტარულ პირობებს არ ქმნიან. ეს არის კიდევ ერთი ფაქტი, თუ როგორ მავნებლური დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას საქმისადმი. მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ორგანოში, საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მოვითხოვთ მონიტორინგის ჯგუფის შექმნას, რომელიც ბაღებში არსებულ სიტუაციას გააკონტროლებს“ – განაცხადა „კვირასთან“ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ბათლომე შელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები