ჰოლანდიაში ფონდ World of Diaspora-ს პრეზენტაცია გაიმართება

ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრებმა ლალი ბუთბაიამ, იზოლდა კვიციანმა და ნინო უბილავამ დიასპორული ფონდი – World of Diaspora დააფუძნეს. სამივე დამფუძნებელი აფხაზეთიდანაა.
როგორც „კვირას“ ლალი ბუთბაიამ განუცხადა, აღნიშნული ფონდის მიზანია მიგრაციის და ემიგრაციის საკითხებზე მუშაობა, კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება როგორც ნიდერლანდების სამეფოსა და საქართველოში – ასევე სხვა ქვეყნებში.
„ჩვენი ძირითადი მიმართულება აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხები იქნება. ემიგრაციაში ჩვენთან ერთად იმყოფებიან ეთნიკური აფხაზები და ოსებიც. ჩვენ საერთო ევროპული სისტემის ქვეშ ვართ მოქცეული. პრობლემებიც და გამოწვევებიც აქ ყველას ერთი გვაქვს. არსებობს კომუნიკაცია და საერთო ენა-სახალხო დიპლომატია. რაც დიდმა პოლიტიკამ გააფუჭა, რიგითმა მოქალაქეებმა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა. ჩვენი საბოლოო მიზანია, ყველა იმ ქვეყნის ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში კონფლიქტური პროცესების მოგავრებაზე მუშაობენ. ერთობლივი ძალებით სასურველი შედეგების მიღწევა უფრო მარტივი იქნება“,- განაცხადა ლალი ბუთბაიამ.
საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში მიესალმება აღნიშნული ფონდის დაფუძნებას.
„მივესალმები ახალი დიასპორული ორგანიზაციის World of Diaspora დაარსებას, გამოვხატავ მადლიერებას მისი დამფუძნებლების მიმართ და წარმატებებს ვუსურვებ მათ მომავალ საქმიანობაში. ზოგადად, დიასპორული ორგანიზაციების გაძლიერება, უცხოეთში მოღვაწე ჩვენი თანამემამულეების კონსოლიდაცია ჩვენი ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხების გარშემო, მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა ქვეყნის განვითარების პროცესში თუ არსებული გამოწვევების დაძლევაში უკიდურესად მნიშვნელოვანია და ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში კვლავაც აქტიურად დაუჭერს მხარს ნებისმიერ საინტერესო წამოწყებას, რომელიც საქართველოს პოზიტიური იმიჯის განმტკიცებას შეუწყობს ხელს. სასიხარულო და იმედის მომცემია World of Diaspora-ს მესვეურთა დიდი ენთუზიაზმი ამ მიმართულებით და კიდევ ერთხელ წარმატებებს ვუსურვებ მათ“,- განაცხადა საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძემ.
ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსის, მეუფე დოსითეოსის განცხადებით, აღნიშნული ფონდი დიასპორულ საკითხებში მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი უნდა იყოს
„ღმერთმა დალოცოს World of Diaspora. აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენი მუდმივი ტკივილია. ძმებმა და ნათესავებმა ერთმანეთი დავკარგეთ. საბჭოეთის ნგრევა ყველას ძვირად დაგვიჯდა აფხაზებს, ქართველებს და ოსებს. მისასალმებელია ლალი ბუთბაიას, იზოლდა კვიციანს და ნინო უბილავას ჩანაფიქრი. ისინი აფხაზეთიდან არიან და უკეთ ესმით რა შეიძლება მოიმოქმედო უკეთესი, რომ მცირედით მაინც შეეწიო ქართულ-აფხაზურ, ქართულ-ოსურ ურთიერთობებს. ემიგრაციას კიდევ სხვა საფიქრალიც აქვს. განსაკუთრებით აქტუალურია დაქსაქსული დიასპორის გაერთიანება, საქართველოს ქომაგობისა და ემიგრაციაში გაზრდილი მომავალი თაობისთვის მდგრადი კულტურული საფუძველის შექმნა, რომ ჩვენი შვილები, „მეორე სამშობლოში“ ინტეგრირებულები არ მოწყდნენ პირველ სამშობლოს -საქართველოს. არ მოწყდნენ საკუთარ ფესვებს, კულტურას, ენას, ეკლესიას… საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მუდამ თქვენთანაა. თქვენ იცით, რომ მუდამ ხართ მისი უწმიდესობის ლოცვებში და ჩვენ ყველანი ერთმანეთისთვის ვლოცულობთ“,-აღნიშნა ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა, მეუფე დოსითეოსმა.
World of Diaspora-ს თანადამფუძნებელი იზოლდა კვიციანი ქალაქ ჰააგაში მდებარე ქართული რესტორან „სოხუმის“ მფლობელია.
„ეს მარტო რესტორანი არ არის. აქ მოსული სტუმარი ქართველიც და აფხაზიც ერთ აზრზე იმყოფებიან-კონფლიქტის მოგვარება აუცილებელია. ამ თემაზე ხშირად მე ვიწყებ საუბარს, რომ არსებული რეალობა აზარალებს ქართველებსა და აფხაზებს. ამ საკითხებზე ხშირად იმართება მსჯელობა და დისკუსია. ქართველებს, ოსებს და აფხაზებს მხოლოდ სიყვარული და ურთიერთპატივისცემა გვაქვს გასაყოფი. რაც გასული საუკუნის 90-იან წლებში გაფუჭდა სამამულო ომით – ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა გამოვასწოროთ. ამ ფონდის არსებობით შევეცდებით გავაერთიანოთ მსოფლიო დიასპორა და კონფლიქტური საკითხების გადაწყვეტაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ“,-აღნიშნა იზოლდა კვიციანმა.
კიდევ ერთი დამფუძნებელი 25 წლის ნინო უბილავაა, რომელიც მარკეტინგული კომპანია The Branding Plug მფლობელია და აქტიურად იქნება ჩართული World of Diaspora-ს საქმიანობაში.
„ჩვენი სურვილია, ყველა სამთავრობო ორგანიზაციასა თუ კერძო სტრუქტურასთან ერთად შევქმნათ ძლიერი ორგანიზაცია, რომლის ძირითადი მიზანია მსოფლიოში მიგრანტებისა და ემიგრანტების კეთილდღეობაზე ზრუნვა. ჩვენ ამის მიზანი და რესურსი გაგვაჩნია“,-აღნიშნა ნინო უბილავამ.
World of Diaspora-ს პროექტებში აქტიურად იქნება ჩართული მწერალი გურამ ოდიშარია.
„ჩემთვის პატივია მათთან თანამშრომლობა და მინდა წარმატებები ვუსურვო. ლალი ბუთბაია და იზო კვიციანი ჩემთვისაც და ყველა აფხაზეთელი თანამემალესთვის სამაგალითოები არიან. მინდა, როგორც ზღვისპირელმა კაცმა ზურგის ქარი ვუსურვო მათ“,- აღნიშნა გურამ ოდიშარიამ.
World of Diaspora-ს პრეზენტაცია 5-6 ოქტომბერს ამსტერდამსა და ჰააგაში გაიმართება. სპეციალურად თბილისიდან ჰოლანდიაში დიასპორის წარმომადგენლებთან შესახვედრად ჩავა მომღერალი ლაშა ღლონტი, რომელიც ემიგრანტებთან და ქართული სიმღერით დაინტერესებულ ჰოლანდიელებთან შემოქმედებით საღამოს „მონატრებიხარ ფიქრებს“ გამართავს. World of Diaspora-ს პრეზენტაციის პარალელურად, ჰოლანდიაში და ბელგიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ლაშა ღლონტთან ერთად ქალაქ ჰააგაში თბილისობის დღესასწაულსაც აღნიშნავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები