“საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ, დაეუფლონ საერთაშორისო მოთხოვნად პროფესიას და გემზე ელექტროტექნიკოსად დასაქმდნენ” – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ დამტკიცდა გემის ელექტროტექნიკოსების სერტიფიცირებისა და გადამზადების ახალი წესი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, დაეუფლონ საერთაშორისო მოთხოვნად პროფესიას და გემზე ელექტროტექნიკოსად (ETO) დასაქმდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროგრამა განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებიც ფლობენ არასაზღვაო პროფილის უმაღლესი ან პროფესიული განათლების დიპლომს ელექტროინჟინერიის, ელექტრონიკის ან მომიჯნავე დარგებში.
“პროგრამა განხორციელდება საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს და პროფესიულ საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით.
ახალი წესი კიდევ უფრო აფართოებს საზღვაო სექტორში დასაქმების შესაძლებლობებს და იძლევა გემის ელექტროტექნიკოსის ოფიცრის კვალიფიკაციის მიღების და გემზე წარმატებული კარიერის შექმნის შესაძლებლობას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.