„20 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა“ – ადვოკატი კვლავ გირაოს შეფარდებას ითხოვს

20 ივნისის საქმეზე დაკავებულის, ლევან ჯიქურის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმე და სავალალოა, ის ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი, – ამის შესახებ ჯიქურის ადვოკატმა ალექსანდრე ზუბიაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზუბიაშვილი ამბობს, რომ მომდევნო პროცესზე, რომელიც 8 ოქტომბერსაა ჩანიშნული, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნას კვლავ დააყენებს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი როცა დააკავეს, გადაიყვანეს ღუდუშაურის კლინიკაში. აღკვეთის ღონისძიება შეეფარდა კლინიკაში, მოვითხოვე აღკვეთის ღონისძიების უფრო მსუბუქი სახის გამოყენება, რაც არ იქნა გათვალისწინებული. იმის გამო რომ ლევან ჯიქურმა პროტესტის გამო გამოაცხადა შიმშილობა, ღუდუშაურის კლინიკამ მოიხსნა პასუხისმგებლობა და ის გადაიყვანეს პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში, N 18-ე დაწესებულებაში. ეს არის ციხის საავადმყოფო, სადაც მას უტარებენ მკურნალობას, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჯიქური აგრძელებს შიმშილობას პროტესტის ნიშნად და მიიჩნევს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია, ვერ უტარებენ სათანადო მკურნალობას. მე ველაპარაკე მთავარ ექიმს, რომელმაც განმიმარტა, რომ როდესაც ადამიანი შიმშილობს, მედიკამენტების მიღება არ შეიძლება, არ არის მიზანშეწონილი, რადგან ამან შესაძლოა, მძიმე შედეგი გამოიღოს. ამ ეტაპზე ლევან ჯიქურის მდგომარეობა ძალიან მძიმე და სავალალოა, შემიძლია, ვთქვა რომ ადამიანი განახევრებულია, წონაში 40 კილო აქვს დაკლებული. მე მას არაერთხელ ვთხოვე და მოვუწოდე, რომ შიმშილობა შეეწყვიტა, მაგრამ განაგრძნობს შიმშილობას. შაქარი აქვს დავარდნილი, დაბალი წნევები აქვს, ვერ გადაადგილდება, მარცხენა ხელ-ფეხი აქვს პარალიზებული, მისი გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ეტლით, ისიც ექიმების დახმარებით. უმძიმეს მდგომარეობაშია. ფატალურად რომ არ დამთავრდეს ეს ყველაფერი, მე წინა პროცესზე მოვითხოვე გამოყენებული ყოფილიყო აღკვეთის ღონისძიების უფრო მსუბუქი სახე, გირაო. თუმცა, მოსამართლემ არ მიიღო აღნიშნული მხედველობაში და განმიმარტა, რომ ციხის საავადმყოფოდან საბუთები უნდა წარგვედგინა. ჩვენ წარვუდგინეთ 11 სექტემბრით დათარიღებული საბუთები, იმის გათვალისწინებით, რომ ახალი საბუთების წარდგენა შეუძლებელია. როცა მივმართე ციხის ადმინისტრაციას, მათ ვერ გადმომცეს, რადგან მოცულობით ძალიან ბევრია, დამაიმედეს, რომ ამ კვირაში უკვე მომცემენ. მოსამართლე ხედავს, როგორც გამოიყურება ჯიქური, მაგის გათვალისწინებითაც შეეძლო, შეეფარდებინა გირაო ან შინაპატიმრობა.
8 ოქტომბერს პროცესი გვაქვს ჩანიშნული და ვფიქრობ, უნდა იქნას ჩვენი მოთხოვნა გათვალისწინებული და უფრო მსუბუქი ღონისძიება უნდა შეეფარდოს. ის არსად გამქცევი არ არის, პარალიზებულია. იქნება თავის ოჯახში, რომლის ერთადერთი მარჩენალია“- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ 20 ივნისის აქციისა და მისი დარბევის საქმეზე ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებულ ლევან ჯიქურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

17 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა, რომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პოლიციელებზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით კიდევ 3 პირი დააკავეს.

მათ შორის ერთ-ერთი დაკავებული ლევან ჯიქური იყო, რომელიც, შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებს ურტყამდა ფარს და “აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში“.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები