თემურ ტონიას „ჯონ ლენონის“ წარდგენა გაიმართება

28 სექტემბერს, 16 საათზე, „კავკასიური სახლის“ იორგ ჰენლეს სახელობის დარბაზი თემურ ტონიას წიგნის წარდგენასა და საჯარო განხილვას უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წარდგენა პროექტ „კულტურის კალენდრის“ ფარგლებში ტარდება და  მსურველს ჯონ ლენონის ბიოგრაფიის შეძენის შესაძლებლობაც ექნება.
ჯონ ლენონი მეოცე საუკუნის მეორე ნახევარის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოღვაწე იყო. მან თავისი შემოქმედებით წარუშლელი კვალი დატოვა მილიონობით ადამიანის ცნობიერებაზე. კრიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ გენიალური მუსიკოსის არაერთი კომპოზიცია საუკუნეებს გაუძლებს და შორეულ მომავალშიც უამრავი მელომანის გულს დაიპყრობს. ლენონი მხოლოდ ხელოვნების სამყაროს არ წარმოადგენდა. ლივერპულელმა ავტორიტეტი თავისი სამოქალაქო პოზიციის დამსახურებითაც მოიხვეჭა. „ბითლზის“ დამფუძნებელი ყოველთვის და ყველგან, ერთგულად და აქტიურად იცავდა პაციფიზმის, სოციალური სამართლიანობისა და დემოკრატიის ღირებულებებს. მასობრივ ახალგაზრდულ დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო იგი ხშირად უპირისპირდებოდა ძლევამოსილ ელიტათა ლიდერებს.
„2019 წლამდე ჯონ ლენონის შესახებ ქართულად წიგნი არ დაწერილა. მკითხველს მხოლოდ თარგმნილი მასალების გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდა.  რამდენიმე თვის წინ კი შესანიშნავმა თბილისელმა, მრავალმხრივი გამოცდილების მქონე ადამიანმა, თემურ ტონიამ მოულოდნელად კალამი აიღო ხელში. ინჟინრობის, სპორტული მენეჯერობის, პროფკავშირული ლიდერობისა და კომერციულ დაწესებულებათა ხელმძღვანელობის შემდეგ მან ბედი ლიტერატურულ ასპარეზზეც სცადა.
გამომცემლობა „პალიტრა L“-მა  მიზანშეწონილად მიიჩნია ახალბედა პუბლიცისტის მიერ დაწერილი ბიოგრაფიული ნარკვევის გამოქვეყნება, რომელშიც დაწვრილებით არის განხილული ჯონ ლენონის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ყველაზე საინტერესო მონაკვეთები (თემურ ტონიას „ჯონ ლენონი“ „პალიტრა L“-ის ცნობილ და პოპულარულ სერიაში – „50 პერსონა / მათ შექმნეს ისტორია“ 42-ე ტომად შევიდა).
თემურ ტონია „კავკასიური სახლის“ მეგობართა კლუბის წევრია. ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად კვლავ რჩება კლუბის წევრთა საქმიანობის მხარდაჭერა და გაძლიერება“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

მის: გალაკტიონის ქ. #20

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები