ნადირაშვილი გაბუნიას პასუხობს – “200% სასაცილოდ არ მყოფნის მისი განცხადებები”

“ევროპული საქართველოს” დეპუტატი ირმა ნადირაშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას განცხადებას, მის მიმართ სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით, “ტვ პირველის” ეთერით ეხმიანება.
როგორც ნადირაშვილი აღნიშნავს, სასაცილოდაც არ ჰყოფნის გაბუნიას განცხადებები და თუ გამოძიების მხრიდან არ დადგება კონკრეტული შედეგი, მაშინ პარლამენტში დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დააყენებენ.

“ასევე კატეგორიული შემიძლია ვიყო მეც, გამოვიყენო ბატონი გაბუნიას ტერმინოლოგია, მეც 200% სასაცილოდაც არ მყოფნის გაბუნიას განცხადებები, მე სერიოზულად ვუდგები მხოლოდ და მხოლოდ საკითხს და იმ ამბავს, რომელიც მივიტანე პროკურატურაში და რაზეც დაიწყო გამოძიება. ერთადერთი, რასაც ვაპირებ სერიოზულად თვალი მივადევნო, ეს არის გამოძების წარმართვა, რამდენად სერიოზულად იქნება გამოძიება ჩატარებული, ჯერჯერობით ვხედავთ, რომ დაიწყეს გარდაცვლილების მშობლების გამოკითხვა, მე უნდა ვხედავდე და ასევე ჩემი თანაგუნდელები, რომ  ეს გამოძიება მიმდინარეობს სერიოზულად და არა პერიოდულად ყურადღების გადასატანად, ან გაბუნიას 200%-იანი განცხადებების მოსასმენად, ან იმისთვის, რომ დრო გავიდეს და ადამინებს დაავიწყდეს ეს საქმე და როგრც არა ერთი საქმე, თაროზე შემოდონ და არავინ იხსენიებდეს ოპოზიციის გარდა. იმედი მაქვს, გამოძიება სერიოზულად მიდის, სწავლობენ გაბუნიას ელექტრონულ მიმოწერას, სატელეფონო ზარებს და მის კონტაქტს -ეს იქნება მნიშვნელოვანი. თუ ჩვენ შუალედურ ინფორმაციას 1 თვის თავზე არ მივიღებთ, თუ ეს ასე არ მოხდება, ჩვენ ვაპირებთ დავაყენოთ პარლამეტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, იმედი მაქვს ქართული ოცნება მხარს დაგვიჭერს, თუ გამოძიება ამ საკითხს თავს ვერ გაართმევს. ჩვენ ევროპული საქართველო ვართ პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია და არ ვართ დაკავებული ტალახის სროლით”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, დიმიტრი გაბუნიას განცხადებების ადრესატად თავს არ მიიჩნევს, რადგან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ვერ მოახერხებს მის წინააღმდეგ ბრძოლის წამოწყებას. ხოლო, გამოძიების სერიოზულად წარმართვის ერთ-ერთი მაჩვენებელი იქნება პრეზიდენტის დაკითხვაზე მისვლა.

,,ქართულმა ოცნებამ კანონმდებლობა საკმაოდ გააფუჭა, მაგრამ ამის მიუხედავადაც, გაბუნია ვერ მოახერხებს ჩემს წინააღმდეგ ბრძოლის წამოწყებას, თუ “ქართული ოცნება” არ დაიწყებს ჩემზე პოლიტიკურ ბრძოლას გაბუნიას ხელით… გამოძების სერიოზული მიმდინარეობა კი გამოხიატება იმაში, რომ ჩვენ ვნახავთ პრეზიდენტს გამოძიებაზე მისულს”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბერს პარლამენტის დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა გენერალურ პროკურატურაში შეიტანა განცხადება პატიმართა შეწყალებასთან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას, შესაძლო კორუფციული კავშირის გამოსაძიებლად. დღეს კი დიმიტრი გაბუნიამ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ირმა ნადირაშვილის წინააღმდეგ აუცილებლად შეიტანს სარჩელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები