“ნაცმოძრაობასაც“ კი თვალები გაუფართოვდა, როცა მოსამართლეებისგან გაიგო, რომ, თურმე, სასამართლო სააკაშვილის დროს დამოუკიდებელი ყოფილა”
გამაოგნებელია მოსამართლეების განცხადებები, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ კი თვალები გაუფართოვდა, როცა გაიგო, რომ თურმე სასამართლო დამოუკიდებელი ყოფილა სააკაშვილის დროს, – ამის შესახებ ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარემ, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის თანაშემწემ, კახა წიქარიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
წიქარიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების პარლამენტში მოსმენის პროცესს გამოეხმაურა.
“როგორი ნეგატიური განწყობაც არ უნდა მქონდეს ამ პროცესის მიმართ, საინტერესო პროცესები წავიდა პარლამენტში. 2012 წლის შემდეგ საზოგადოებას არ ჰქონია შესაძლებლობა ასე სიღრმისეულად განეხილა სასამართლოში არსებული ვითარება, პარლამენტს არ ჰქონია ისეთი შესაძლებლობა, რომ სასამართლოში არსებულ პრობლემებს ჩაღრმავებოდა. პარლამენტი ახლა უღრმავდება სასამართლოში არსებულ მძიმე ვითარებას. მძიმე ვითარება რაში გამოიხატება: მთელი საზოგადოება, ხელისუფლება, ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება არის შეთანხმებული, რომ 2012 წლამდე სასამართლო დამოუკიდებელი არ იყო, მაგრამ გუშინ და გუშინწინ ვიხილეთ სასამართლო კორპუსის წარმომადგენლები, რომლებიც ამბობდნენ, რომ სააკაშვილის დროს სასამართლო დამოუკიდებელი იყო. მაშასადამე, ან მოსამართლეები ტყუიან, ან მთელი დანარჩენი საზოგადოება ტყუის. თუ მოსამართლეები ტყუიან, მაშინ ძალიან ცუდად გვაქვს საქმე. სასამართლოში გვჭირდება კეთილსინდისიერი მოსამართლეები. მოსამართლე, რომელიც საჯაროდ, დემონსტრაციულად იტყუება, ის, არათუ უზენაესში, არამედ არცერთ ინსტანციაში არ გამოდგება. მეორეც- სასამართლო, რომელიც სიმართლეს არ ამბობს, საზოგადოების თვალში ვერ მოიპოვებს ნდობას. ჩვენ მოვისმინეთ პოლიტიკური და სამართლებრივი, ეთიკური შეკითხვები. როგორ გაართვეს თავი ამ შეკითხვებს მოსამართლეებმა- ზოგმა საერთოდ თავი აარიდა, იქიდან გამომდინარე, რომ მოსამართლე ვარ და პასუხს ვერ გავცემ ჩემი ეთიკური ვალდებულებიდან გამომდინარეო. ასევე დაისვა პოლიტიკური ხასიათის შეკითხვები. მაგალითად, 2012 წლის წულუკიანის, ივანიშვილის განცხადებები სასამართლოზე. მაშინ ისინი აცხადებდნენ, რომ სასამართლო იყო ზეწოლის ქვეშ, არ იყო დამოუკიდებელი. ეს ფაქტები დაუსახელეს მოსამართლეებს. თუ მოსამართლეები ამბობენ, რომ სასამართლო დამოუკიდებელი იყო, მაშინ გამოდის, რომ „ქართული ოცნება“ ტყუოდა 2012 წელს. ეს იმდენად გამაოგნებელია მოსამართლეების მხრიდან, რომ „ნაციონალურ მოძრაობასაც“ კი თვალები გაუფართოვდა, როცა გაიგო, რომ თურმე სასამართლო დამოუკიდებელი ყოფილა სააკაშვილის დროს“- განაცხადა წიქარიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვისა და მათთან გასაუბრების პროცესი დაიწყო.
თამუნა შეყილაძე