ბესელია ცქიტიშვილის განცხადებებს, ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმის გახსნასთან დაკავშირებით, უპასუხისმგებლოს უწოდებს

ეკა ბესელია მაია ცქიტიშვილის განცხადებებს, ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმის გახსნასთან დაკავშირებით, უპასუხისმგებლოს უწოდებს.

„რვა თვეზე მეტი გავიდა, რაც ორჯერ გავრცელდა უკანონო ფარული ჩანაწერები ჩემთან დაკავშირებით, დღემდე არაა გამოძიებული ეს საქმე. მაია ცქიტიშვილს პრემიერმა ან ვინმემ ყურში მაინც ჩასჩურჩულოს და უთხრას, რომ ნუ აკეთებს ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს, თითქოს საქმე გახსნილია. მიუხედავად საჯარო დაპირებისა, არაა გამოძიებული ეს საქმე. თურმე დღემდე ვერ დაადგინეს ის ადამიანი, ვინც პირველმა განიზრახა და რატომ განიზრახა ამის გაკეთება. პასუხისგებაში შერჩევით მისცეს ახალგაზრდები, რომლებიც ნებით თუ უნებლიედ ჩაერთნენ ამ უკანონო ჩანაწერის ნახვაში, თუმცა ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული, დღემდე პროკურატურას არ გამოუძიებია“, – განაცხადა დეპუტატმა.

ეკა ბესელიას თქმით გამოსაძიებელია ინგა გრიგოლიას, ეკა მიშველაძის ფაქტებიც და საგამოძიებო უწყებებს საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს.

“ვურჩევ მათ, დაადგინონ ის, რაც უკვე გაცხადებულია, რაზეც მე თავად ვისაუბრე. გამოიძიონ ინგა გრიგოლიას ფაქტი, ეკა მიშველაძის, სადაც ადამიანები თავად საუბრობენ ამ თემებზე. ის, ვინც ვერ ბედავს, რომ ისაუბროს და მე ჩუმად მელაპარაკება, თუ ეს ადამიანები გაბედავენ, ამაზე თავად ისაუბრონ, მე ამას შემდეგ დავადასტურებ. რვა თვეზე მეტია, ველოდები და ვერ გამოიძიეს ის საქმე, სადაც ყველაფერი ხელის გულზე იყო. თავი დავანებოთ ამ ტაკიმასხარაობას და არასერიოზულობას. კეთილი ინებოს და ყველა უწყებამ თავის საქმეს მიხედოს. პარლამენტის წევრმა ის მაინც უნდა გააკეთოს, ჩახედოს დეპუტატის უფლებებს“, – განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა გუშინ განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც კატეგორიულად ემიჯნება ბრალდებებს, რომელიც ეკა ბესელიას ბოლო პერიოდში ახასიათებს. ამასთან, აღნიშნა, რომ გამოძიებამ დაადგინა პირადი ცხოვრების კადრების ჩამწერი პირების ვინაობა და დაისაჯნენ კადრების გამავრცელებელი პირებიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები