დავით მათიკაშვილი: პარლამენტის წევრი და ყოფილი სამართალდამცველი თავად უნდა იყვნენ დაინტერესებული ინფორმაციის სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაცემით

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის თქმით, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ მძიმე ბრალდებაზე გაავრცელა ინფორმაცია და როდესაც მსგავსი რამ საკუთარ თავზე გაქვს გამოცდილი, პირველ რიგში, თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული ინფორმაციის სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაცემით.

„საკმაოდ მძიმე ბრალდებაზე გაავრცელა ინფორმაცია ქალბატონმა ეკა ბესელიამ საკმაოდ მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ. რაც არ უნდა აბსურდულად ჟღერდეს მისი ეს ინფორმაცია, თუ კი არის დანაშაულის მატარებელი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში თვითონ, როგორც ყოფილი უფლებადამცველი, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მერვე მოწვევის პარლამენტში, მეცხრე მოწვევის პარლამენტში პირველი იურისტი, თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული, რომ სასწრაფოდ გადასცეს ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მყისიერი რეაგირების რეჟიმში ეს დანაშაული იყოს აღკვეთილი, თუ ამას ნამდვილად აქვს ადგილი”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

​მისივე შეფასებით, ეკა ბესელიას პროკურატურაში მიუსვლელობის მიზეზად მოუცლელობის დასახელება გარკვეულ ეჭვს და კითხვის ნიშანს ბადებს.

“როდესაც ეს მძიმე დანაშაული, მით უმეტეს საკუთარ თავზე გაქვს განცდილი, აუცილებლად ალბათ ,პირველ რიგში, შენ უნდა იყო დაინტერესებული, რომ ეს ინფორმაცია სამართალდამცავებს მიაწოდო, რომ ასეთი მსგავსი რამ აღიკვეთოს სხვა პირების მიმართ. მოუცლელობა ალბათ არ არის ადეკვატური და რელევანტური მიზეზი პროკურატურაში არ მისვლისა”,-აღნიშნა მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, რადგან სამართალდამცავი ორგანოები ამ მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაციის მოსმენის შემდგომ დაინტერესდნენ ამ ამბით, ეკა ბესელია ვალდებულია მყისიერად მიაწოდოს მათ ინფორმაცია.

„ეს არის ძალიან სენსიტიური თემა, ჩვენმა საზოგადოებამ ბევრჯერ გადაიტანა მსგავსი ტრავმები, ეს ძალიან მძიმე დანაშაულში ბრალდებაა და პირიქით, ამას უნდა მყისიერი რეაგირება. პირიქით, რა თქმა უნდა, ნებისმიერი პირი, ვინც ფლობს ასეთ ინფორმაციას, მით უმეტეს პარლამენტის წევრი, მით უმეტეს ყოფილი უფლებადამცველი, უნდა იყოს მოწადინებული სასწრაფოდ გამოცხადდეს სამართალდამცავ ორგანოებში და პასუხი გასცეს ამ კითხვებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იქ მოუცლელობა და სხვა მიზეზები თავისთავად ბუნებრივად ბადებს კითხვის ნიშნებს – ეს განცხადება საერთოდ იყო ახლოს რეალობასთან თუ არა”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები