300 არაგველის მემორიალთან დღესასწაული – „კრწანისობა 2019“ გაიმართა
300 არაგველის მემორიალთან დღესასწაული – „კრწანისობა 2019“ გაიმართა, რომელსაც დაესწრნენ თბილისის მერი კახა კალაძე, კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე, პატრიარქის თანამოსაყდრე, მეუფე შიო და სხვა მოწვაეული სტუმრები.
დედაქალაქის მერმა ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცა და ქვეყნის გამთლიანება უსურვა.
„მინდა კრწანისელებს, ასევე, სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე მივულოცო. რასაც ვისურვებდი და ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას, ეს არის გამთლიანება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ ბრძოლას მიჩვეული ხალხი ვართ, ეს სისხლში გვაქვს და რა თქმა უნდა, უნდა მოვახერხოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება – გონიერებით, წარმატებებით, წინსვლით, ეკონომიკური აღორძინებით. კიდევ ერთხელ გილოცავთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მანამდე 300 არაგველის სკვერში მეუფე შიომ, მღვდელმსახურებთან ერთად, კრწანისის ბრძოლაში დაღუპულთა სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა.
„კრწანისობა 2019“ კრწანისის რაიონის გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა, რომელშიც ქართული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, ასევე, ცნობილი ქართველი მომღერლები და მსახიობები მონაწილეობდნენ.
სცენაზე დაიდგა პერფორმანსი, რომელიც ეპოქის გაცოცხლებას მიეძღვნა. სანახაობის შემდეგ, მაყურებელმა საბრძოლო ხელოვნების შოუ იხილა – სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები.
24 სექტემბერი კრწანისის ბრძოლაში დაღუპული წმინდანების ხსენების დღეა. 1795 წელს კრწანისის ომში დაღუპული 300 არაგველი, სასულიერო და საერო პირები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 2008 წელს წმინდანებად შერაცხა.