“მივიდა ეს ბიჭი, იცოდა, გოგოს მამის თოფი სად იყო და ესროლა”- რას ყვებიან მეზობლები თელავში მომხდარ მკვლელობაზე (ვიდეო)

თელავში დღეს მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით “რეგიონულმა კვირამ” დამატებითი დეტალები გაარკვია.

ქალი, რომელიც ყოფილმა მეუღლემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით მოკლა, 1971 წელს დაბადებული ნონა ლაზარიაშვილია. როგორც ირკვევა, ლაზარიშვილი წლებია საზღვარგარეთ, კერძოდ, დუბაიში, ცხოვრობდა, მუშაობდა და საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. განქორწინებულ წყვილ სამი შვილი ჰყავდა – ორი ბიჭი და ერთი გოგო.

როგორც გარდაცვლილის მეზობლები “რეგიონულ კვირასთან” ყვებიან, მამაკაცი ყოფილ მეუღლეს საზღვარგარეთ წასვლას უკრძალავდა და შერიგებას სთხოვდა. ისინი შელაპარაკების და მკვლელობის მოტივად სწორედ ამ ფაქტს ასახელებენ.
ერთ-ერთი მეზობლის თქმით, ეჭვმიტანილმა ყოფილი მეუღლე, გარდაცვლილის მამის თოფით მოკლა.

“წესიერი ოჯახი იყო და გამიკვირდა ეს ფაქტი. მაგ გოგოს ქმარს არც ვიცნობდი, თუმცა იძახდნენ, რომ თბილისელიაო, ზოგიც იძახდა ოსიაო. დაშორებულები იყვნენ ოც წელზე მეტია. როგორც ვიცი, მივიდა ეს ბიჭი, იცოდა გოგოს მამის თოფი სად იყო და ესროლა“,- განაცხადა გარდაცვლილი ქალბატონის მეზობელმა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა მომხდარის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა. მამაკაცს ოპერაცია თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გაუკეთდა. ის ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაშია.
​როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები