სოფო კილაძემ თამარ ალანიას გვანცა ყუფარაძის საქმესთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა: ხომ არ ფიქრობთ, რომ ასეთი მკაცრი სასჯელი იყო არათანაზომიერი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს, მოსამართლეობის კანდიდატს, თამარ ალანიას 14 წლის მსჯავრდებულ გვანცა ყუფარაძის საქმესთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა.

-„თქვენ ხართ მოქმედი მოსამართლე და გაქვთ სამოსამართლეო საქმიანობის ძალიან ხანგრძლივი სტაჟი. არის გარკვეული კითხვები თქვენ მიმართ და ეს კითხვები, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს და რა თქმა უნდა, ჩვენ აქ პარლამენტში უნდა დავსვათ მათ შორის ყველაზე მწვავე და კრიტიკული კითხვები“, -აღნიშნა კილაძემ.

სოფო კილაძემ იქვე განმარტა, რომ კონსტიტუციაში არის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ამბობს, რომ მოსამართლეს არ შეიძლება კონკრეტულ საქმეზე მოსთხოვოს პასუხი, მაგრამ საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი.

კითხვა მდგომარეობს შემდეგში, – „2006 წელს პირველი ინსტანციის სასამართლომ 14 წლის გოგონას მიუსაჯა 5 წელი პატიმრობა და 5 წელი პირობითი მსჯავრი, აქედან გამომდინარე, მეორე, უკვე სააპელაციო სასამართლოში როდესაც გასაჩივრდა, თქვენ ბრძანდებოდით ერთ-ერთი ის მოსამართლე, რომელმაც ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის განაჩენი, ეს საქმე შემდეგ წავიდა სტრასბურგში, ჩემი კითხვაა, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღეთ თქვენ ეს გადაწყვეტილება?”

სოფო კილაძემ მოსამართლეობის კანდიდატს ასევე ჰკითხა, -„ თუ თვლით, რომ თქვენ გქონდათ საკმარისი მტკიცებულებები, ხომ არ ფიქრობთ, რომ 14 წლის ბავშვის – გოგონას მიმართ ასეთი მკაცრი სასჯელი იყო ნამდვილად არათანაზომიერი. მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ თქვენ კარგად იცოდით, როდესაც ამ განაჩენზე აწერდით ხელს, რომ ეს იყო სააკაშვილის პენიტენციური სისტემა, სააკაშვილის ციხეები, სადაც ადამიანებს უმოწყალოდ კლავდნენ, აწამებდნენ და აუპატიურებდნენ?”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები