დიმიტრი ცქიტიშვილი: შრომის უფლებების დაცვის სტანდარტი უნდა ავწიოთ და ბიზნესსექტორში თამაშის სამართლიანი წესები შევქმნათ

0

შრომის უფლებების დაცვის სტანდარტი უნდა ავწიოთ და ბიზნესსექტორში თამაშის სამართლიანი წესები შევქმნათ, საქართველოში შრომითი უფლებების დაცვა კომპანიების კეთილი ნებიდან კი არ უნდა გამომდინარეობდეს, არამედ კანონით იყოს უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებათა პროექტის ინიციატორმა, დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა.

ცქიტიშვილის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებების პროექტი ჯერ მხოლოდ პირველი ვერსიაა და იქ ჩადებული ცვლილებები საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ემსახურება, რაც თავის მხრივ, ადამიანის შრომითი უფლებების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

„ცვლილებების ძირითადი პუნქტებია დისკრიმინაციული საკითხების აკრძალვის დაზუსტება, დეკრეტული შვებულების უფრო მაღალი სტანდარტის შემოღება, სამუშაო დროის უკვე კანონში არსებული სტანდარტის დაზუსტება, ანუ ზეგანაკვეთური შრომის დაზუსტება და უფრო კონკრეტული მექანიზმების ჩადება იმისათვის, რომ ეს ნაწილი მანიპულირებადი არ გახდეს; დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის კონსულტაციების ნაწილი, მასობრივი დათხოვის შემთხვევაში უფლებრივი საკითხების დარეგულირება; სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტაჟირების საკითხი, რომელიც შრომის კოდექსში პირველად ჩნდება. საჯარო სამსახურის შემთხვევაში მთავრობის დადგენილება გვაქვს და იმით რეგულირდება ეს საკითხი, ხოლო შრომის კოდექსში სტაჟირება საერთოდ არ იყო გათვალისწინებული, მას კანონმდებლობა ვერ ხედავდა და მათი უფლებები შესაბამისად, ვერ იქნებოდა დაცული კანონის ძალით. ასევე აღსრულების კონკრეტული მექნიზმები, რომ კანონში ჩადებული მუხლები ფარატინა ქაღალდად არ დაგვრჩეს და იყოს კონკრეტული მექანიზმები, თუ როგორ აღსრულდეს. ამისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ შრომის სახელმწიფო ინსპექციის დამოუკიდებელი ინსტიტუტი შეიქმნეს, რომელიც შრომის უფლებებისა და სტანდარტების დაცვას უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა კომპანიის ტოტალური კონტროლი მოხდება, რადგან რიცხობრივად თეორიულადაც კი შეუძლებელია იმდენი ინსპექტორი იყოს, რომ ყველა კომპანია შეამოწმოს. მაგრამ არის გარკვეული პრევენციული მექანიზმების, სტანდარტების დადგენის წესი და შრომის ინსპექციის მიერ მოულოდნელი შემოწმების ეფექტი, რომელმაც შრომის უფლებების დაცვა ყველა კომპანიაში უნდა უზრუნველყოს“, – განმარტა ცქიტიშვილმა ცვლილებების არსი.

დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ ცვლილებების პროექტის მომზადებაში საერთაშორისო შრომის ორგანიზაციამ და ადგილობრივმა ექსპერტებმაც მიიღეს მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი