ანრი ოხანაშვილი: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებთან დაკავშირებული პროცესი პარლამენტი გამჭვირვალედ წარიმართება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებთან დაკავშირებული პროცესი პარლამენტი გამჭვირვალედ წარიმართება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ  შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების პარლამენტის მიერ არჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

ანრი ოხანაშვილმა შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მიმდინარე პროცესი. როგორც მან განაცხადა, უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მომავალი ორშაბათიდან, ამერიკული მოდელის მიხედვით, მოსამართლეობის კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას დაიწყებს.

„ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარვმართოთ ეს პროცესი, ვინაიდან სწორედ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, პირდაპირ ეთერში მიადევნოს თვალყური ყველა კანდიდატთან გასაუბრების პროცესს და ეს იქნება უზრუნველყოფილი. ჩვენ ყველა კანდიდატთან დაკავშირებით დავსვათ ყველა იმ შეკითხვას, რომელიც მათ მიმართ საზოგადოებას აქვს, უკავშირდება ეს კონკრეტულ საქმეს თუ პირადად კანდიდატს. ჩვენი ამოცანაა, რომ თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით მაქსიმალურად ამოვწუროთ ყველა საკითხი”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საკითხისადმი საზოგადოებაში არსებული დიდი ინტერესის და პროცესის გამჭვირვალედ წარმართვის მიზნით, კომიტეტში გადაწყვიტეს, რომ სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენელსაც მისცენ კანდიდატებისათვის კითხვის დასმის საშუალება.

„შესაბამისად, ამისათვის გამოყოფილი დროის ფარგლებში როგორც სახალხო დამცველს, ასევე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელს, სამეცნიერო სფეროს ორ წარმომადგენელს და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიციის ერთ წარმომადგენელს ექნებათ შესაძლებლობა კითხვა დაუსვან მოსამართლეობის კანდიდატებს. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამჭირვალე გავხადოთ პროცესი და პარლამენტის წევრების გარდა, ყველა სუბიექტს, ვინც მართლმსაჯულების სფეროსთან არის დაკავშირებული, კითხვის დასმის საშუალება მივცეთ”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები