ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ნათია თურნავას აშშ-ში ვიზიტს დადებითად აფასებს

0

ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მაიკლ ქოუგილი ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას აშშ-ში ვიზიტს, რომელიც საქართველო-ამერიკას შორის პირდაპირი ფრენების შესახებ ინიციატივას ეხებოდა, დადებითად აფასებს. როგორც მან აღნიშნა, ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ აღნიშნული ინიციატივა რეალობად იქცეს.
“მოხარულები ვართ იმ შეხვედრების გამო, რომლებიც მინისტრმა თურნავამ გამართა გასულ კვირას United Airlines-სთან, და Delta Airlines-სთან საქართველო-ამერიკას შორის პირდაპირი ფრენების შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისით, ვინაიდან ავიაკომპანიები ნახავენ მოგებას, გაიზრდება ბიზნეს მიმოსვლა და, შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის გამარტივებული და გაღრმავებული ბიზნეს ურთიერთობები იქცეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების უფრო წარმატებით და დროულად დასრულების საწინდარი. ამასთან, ბევრი სახელმწიფო მოხელეა, რომლებსაც ხშირად უწევს ამერიკასა და რეგიონს შორის მოგზაურობა და საქართველო არის ერთგვარი ჰაბი ამ რეგიონში თავისი ”ღია ცის” პოლიტიკით, რომელსაც შეუძლია მოიზიდოს მეტი მოგზაური სხვადასხვა რეგიონიდან, რადგან მათ შეეძლებათ აშშ-ში წასვლა პირდაპირი რეისით.
ეს არის ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია გვსურს და ასევე ხელს ვუწყობთ ამ საქმეს იმ პოლიტიკოსებთან საუბრისას, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში ვიზიტით და მათთან, ვისაც ვაშინგტონში ვხვდებით. ასე რომ, ჩვენ აღსავსენი ვართ ენთუზიაზმით და მინისტრმა თურნავამ იცის, რომ ჩვენ, ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ინიციატივა რეალობად იქცეს.
კიდევ ერთი რამ, რაც უნდა დავინახოთ, არის ის, რომ ყოველწლიურად საქართველოსა და აშშ-ს შორის მიმოსვლა, დაახლოებით, 25%-ით იზრდება და არიან ინვესტორები, რომლებიც პირდაპირი რეისების არარსებობას საქართველოში ბიზნესის დაწყების შემაფერხებელ ფაქტორად მიიჩნევენ, პირდაპირი რეისების დანიშვნა ინვესტორებს ბიზნესის დაწყებას გაუმარტივებს.
ასე რომ, ჩვენ ვიცით, რომ ამ ინიციატივის განხორციელება ხელს შეუწყობს ბიზნესს, მეტ ინვესტიციებს შემოიტანს და დაეხმარება ტურიზმს, როგორც ამერიკაში, ასევე საქართველოში”,-განაცხადა მაიკლ ქოუგილიმ.

კომენტარები

კომენტარი