ხათუნა ლაგაზიძე: NDI-ის კვლევის შედეგი მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ოპოზიცია სავალალო მდგომარეობაშია
ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე NDI-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს ეხმაურება. მისი შეფასებით, აღნიშნული კვლევის მონაცემები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ოპოზიცია სავალალო მდგომარეობაშია.
“ერთი წელი გავიდა თითქმის საპრეზიდენტო არჩევნებიდან და თუ შევადარებ როგორ იკლო მათმა რეიტინგმა, ის დროა განგაშის ზარს ჰკრავდნენ. უნდა გავითვალისწინოთ რომ ამ პერიოდში 20 ივნისიც იყო და ოპოზიციას არაფერი შემატა ამ ამბებმა, მე მგონი – პირიქით. ოპოზიციის საერთო რეიტინგი ჯამში 40%-მდე ვერ ადის. ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომელიც 5 პროცენტს აბიჯებს, ეს “ნაცოძრაობაა”. გამოკითხვა იძლევა ნათელ სურათს და მოლოდინს, რომ მომავალი პარლამენტი იქნება მაქსიმალურად ფრაგმენტირებული, ვსაუბრობ ოპოზიციაზე. “ქართულ ოცნებას” დათითოკაცებული პარლამენტისგან შეკვრა და კოალიციის შექმნა ადვილად შეეძლება. ამას ექნება დემოკრატიული შლეიფი.
20 ივნისს თითქოს მათ წისქვილზე უნდა დაესხა წყალი, მაგრამ ეს კვლევა ამას არ ამბობს, ვერაფერი ვერ შესძინა. იმედგაცრუებაცაა ძალიან მაღალი, შეიძლება იმიტომ რომ მათ შედეგი ვერ დადეს. ამითი კი ბოლო დროს ოპოზიცია ვერ დაიკვეხნის.
დაშორება ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების რეიტინგებს შორის მაღალია. გუშინდელი ქუთაისის უნივერსიტეტის პრეზენტაციიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ხელისუფლება წინასაარჩევნოდ კონკურენტების შავი პიარის გარდა, საკუთარ პოზიტიურ პიარზეც იზრუნებს. აქედან გამომდინარე, მათ შანსი უფრო მეტი აქვთ, რომ თავიანთი რეიტინგი გააორმაგონ, ვიდრე დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს.
ეს ყველაფერი მაძლევს სწორედ იმის თქმის საშუალებას, რომ ოპოზიცია სავალალო მდგომარეობაშია.
ერთი დამაიმედებელი რამ, რაც შეიძლება იყოს, ესაა გამოკითხულთა დაახლოებით 70%, რომელიც საკუთარი პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვთ, ეს არის ძალიან ნოყიერი ნიადაგი ნებისმიერი ახალი პოლიტიკური ძალისთვის. როგორ გამოიყენებენ ამ რესურს, ეს მათზეა დამოკიდებული“,-აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.