იმპორტი 7,7%-ით შემცირდა- საიდან შემოდის ყველაზე მეტი საწვავი საქართველოში
2019 წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 676,8 ათასი ტონა შეადგინა, რაც 56,4 ათასი ტონით, ანუ 7,7%-ით, ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (733,2 ათასი ტონა).
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში ბენზინის საწვავის იმპორტმა შ 349,1 ათასი ტონა შეადგინა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 13,5 ათასი ტონით ანუ 3,7%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 327,7 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 42,9 ათასი ტონით ანუ 11,6%-ით).
საწვავის კატეგორიების მიხედვით, 2019 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი – 231,8 ათასი ტონა, ანუ 66,4%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი – 109,7 ათასი ტონა, ანუ 31,4%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი – 7,6 ათასი ტონა, ანუ 2,2%.
ქვეყნების მიხედვით 2019 წლის 8 თვის განმავლობაში თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 197,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 29,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი – 190,5 ათასი ტონა (28,1%), აზერბაიჯანი – 122,4 ათასი ტონა (18,1%), თურქმენეთი – 69,6 ათასი ტონა (10,3%); ბულგარეთი – 60,3 ათასი ტონა (8,9%), საბერძნეთი – 35,4 ათასი ტონა (5,2%).