ნათია თურნავა: პენსიებთან დაკავშირებით ინიციატივა მზადდება

2020 წლის ბიუჯეტი ძირითადად სოციალურ პროგრამებზე იქნება აქცენტირებული, მათ შორის, ინიციატივა მზადდება პენსიებთან დაკავშირებითაც, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვა საპასუხისმგებლო პროცესია, რომელშიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ჩართულია მთელი მთავრობა.

„ვიტყვი, რომ 2020 წლის ბიუჯეტის მთავარი სტატუსი არის – გაზრდილი სოციალური პასუხისმგებლობა, სოციალური პროგრამები; ასევე ინფრასტრუქტურული პროგრამები, კაპიტალური ხარჯები და პროგრამები, განსაკუთრებით კრიტიკულად აუცილებელი, სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურა. ეს ორი კომპონენტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ 2020 წლის ბიუჯეტის ფარგლებში უფრო მეტად ვაგრძნობინოთ თითოეული მოქალაქეს და ოჯახს ეკონომიკური ზრდის სიკეთე და დავძლიოთ სიღარიბე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

გარდა ამისა, ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ მზადდება პენსიებთან დაკავშირებული ინიციატივაც.

„2020 წლის ბიუჯეტი იქნება ძირითადად აქცენტირებული სოციალურ პროგრამებზე, მათ შორის პენსიებთან დაკავშირებითაც მზადდება ინიციატივა. ფინანსთა სამინისტრო ახდენს ამის კოორდინაციას და, როდესაც უკვე დასრულდება ბიუჯეტის პროექტის მომზადება, აღნიშნულზე დამატებით მოგახსენებთ. ამ ინიციატივას ნამდვილად ვამზადებთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში პარლამენტში მიმდინარე განხილვების დროს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ბიუჯეტი იძლევა საშუალებას, გაიზარდოს პენსიები. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მთავრობა ეცდება, საპენსიო უზრუნველყოფის ზრდა პირდაპირ იყოს მიბმული ეკონომიკურ ზრდასთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები