სოფიო ქაცარავა: ოპოზიციას პოპულიზმის და დესტრუქციის გარდა არაფერი ამოძრავებს, ისინი საგნობრივ მსჯელობაში არასდროს მოგვყვებიან

“ოპოზიცია, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ პოპულიზმის და დესტრუქციის გარდა არაფერი ამოძრავებს, საგნობრივ მსჯელობაში არასდროს მოგვყვება”, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა.
მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებსაც პრეტენზია აქვთ პროევროპულობაზე, მეტი კონსტრუქციულობა უნდა გამოიჩინონ.
“საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, როგორც სავალდებულო კომიტეტი, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში განვიხილავთ დადგენილებას რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი პოზიცია პროექტთან დაკავშირებით.
უმრავლესობას აქვს უფლება და მანდატი დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს ოპოზიციის მიერ ინიცირებულ ამა თუ იმ რეზოლუციის თუ დადგენილების პროექტს.
იმის გამო, რომ უმრავლესობის ძალიან სწორი და გამართლებული პოზიციაა – არ აჰყვეს ოპოზიციის პროვოკაციას და ასევე აქვს თანმიმდევრული და სწორი საგარეო პოლიტიკა, ოპოზიციამ, განსაკუთრებით მათ, ვისაც პრეტენზია აქვთ (თუმცა ვერ ამართლებს) პროევროპულობაზე, მეტი კონსტრუქციულობა უნდა გამოიჩინოს.
უფრო მეტიც, წარსულს უნდა ჩააბაროს ჩაგვრა, შეურაცხყოფა და მუქარები, რადგან აღარავინ იჩაგრება და კომიკური ხდება მათი საქციელი.
შინაარსს რაც შეეხება – “ევროპული საქართველოს” მიერ ინიცირებული დადგენილება პოტენციურად ქმნის იმის წინაპირობას, რომ საქართველოს დაეკისროს სანქციები რუსეთის მხრიდან. ეს მარტივად რომ ვთქვათ, გამოიწვევს ათასობით ადამიანისთვის ეკონომიკურ ზარალს. მართალია, ჩვენი ამოცანაა შევამციროთ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება, ასეც ვაკეთებთ, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება დრო და უფრო მაღალი სტანდარტის პროდუქტის შექმნა, რომელიც კონკურენციას გაუწევს ევროკავშირის ბაზარზე არსებულ ძალიან მრავალფეროვან და ძალიან მაღალი სტანდარტის პროდუქციას.
ამ მიმართულებით მივდივართ, მაგრამ ყველა აზრიანი ადამიანი, არა პოპულისტი, ხედავს რომ ეს ხანგრძლივი პროცესია.
ამიტომ, ოპოზიციას, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, რომ პოპულიზმის და დესტრუქციის გარდა არაფერი ამოძრავებს, საგნობრივ მსჯელობაში არასდროს მოგვყვება”, – წერს სოფიო ქაცარავა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები