მამუკა ხაზარაძე ზურაბიშვილის  მხარდაჭერაზე: ეს არ იყო განცხადება, რომელიც ძალიან მიხაროდა

ეს არ იყო განცხადება, რომელიც ძალიან მიხაროდა. იმ სიტუაციიდან გამომდინარე, ამ განცხადების გაკეთება მომიწია – ასე უპასუხა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ კითხვას – ნანობს თუ არა სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევამდე გაკეთებულ განცხადებას.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, მას საზოგადოებისთვის რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერისკენ არ მოუწოდებია.

„მინდა გითხრათ, რომ ჩემს განცხადებებში ვარ გულწრფელი. მზად ვარ ყველა იმ ნაბიჯზე, რომელიც გადამიდგამს, საზოგადოებას პასუხი ჩავაბარო. ყველაფერს აქვს თავისი ახსნა. ეს არ იყო განცხადება, რომელიც ძალიან მიხაროდა. იმ სიტუაციიდან გამომდინარე, ამ განცხადების გაკეთება მომიწია. იმის გამო, რომ დეპოზიტარების, ჩვენი დამფინანსებლების უცხოეთიდან, ჩვენი კლიენტების, ჩვენი გუნდის მდგომარეობა იყო საფრთხის წინაშე, ამიტომ ჩემს თავზე ავიღე ეს, თუმცა აქვე მინდა განვმარტო, რომ მე არ მომიწოდებია რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერისკენ. მე მოვუწოდე და ახლაც ყველას მოვუწოდებ, რომ რევანში საქართველოში უნდა დამთავრდეს. არჩევნები შეიძლება მოიგო, მაგრამ არჩევნები, რომ შემდეგ ვიღაც ციხეში ჩასვა, იგივე პროკურატურით, (იგივე სასამართლო, რომელიც ხელიდან ხელში გადადის და არაფერი იცვლება ამ ქვეყანაში), დაუშვებელია,“ – განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ გასულ წელს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აცხადებდა, რომ რევანშის დრო არ არის.

“პოლიტიკაში არასდროს ჩავრეულვარ, მაგრამ ახლა თავს მოვალედ ვთვლი, ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით რამდენიმე სიტყვა ვთქვა. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა ნათლად დაგვანახა მოსახლეობის შეცვლილი განწყობა მმართველი პარტიის მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბიზნესი თავისუფალია და ბევრ წარმატებას მივაღწიეთ, ჩემი აზრით, ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა კიდევ განსახორციელებელია. როგორც ბიზნესის წარმომადგენელი, დიდი იმედით შევცქეროდი სასამართლო სისტემაში მოსალოდნელ რადიკალურ რეფორმებს, რომლებიც ჩემი ღრმა რწმენით, ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობაა ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენტული გარემოსა თუ ზოგადად, სამართლიანობის შეგრძნების გაჩენისთვის. სამწუხაროდ, დღემდე ეს არ მოხდა, მაგრამ ახლა გაცილებით რთული და გამოწვევებით სავსე რეალობის წინაშე დავდექით. ეს არის რევანშიზმი, რომელსაც შეუძლია ქვეყნის განვითარება რამდენიმე წლით შეაფერხოს და გამოიწვიოს ქაოსი. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის განცხადებებიც, რომლებიც რამდენიმე თვეა მესმის და რომლებიც განუწყვეტლივ გრძელდება თუნდაც ჩემი და ჩემი კომპანიების, ჩემი მონაწილეობით წარმოებული ბიზნესებისა და იმ პროექტების მიმართ, რომლებიც ჩემი და ჩვენი 10 000 კაციანი გუნდის ღრმა რწმენით, უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის”, – აცხადებდა ხაზარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები