კაციტაძე: ვცდილობთ, ხელისუფლებას ავუხსნათ, რომ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის განვითარებისათვის ბლოკები უმჯობესია

„ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე მიიჩნევს, რომ 2020 წლის საპარლემენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკები დაშვებული უნდა იყოს. ამის შესახებ კაციტაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ბლოკი მხოლოდ ბარიერის გადალახვის საშუალება არ არის, ის არის გაერთიანების, რესურსთა კონსოლიდაციის საშუალება.

„15 თებერვალს 20-მა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ გავაკეთეთ ინიციატივა, რომ განგვეხროციელებინა საკონსტიტუციო ცვლილება 200 000 ხელმოწერის მეშვეობით. ჩვენ პარლამენტში ჩავაბარეთ 200 000 -ზე მეტი ხელმოწერა, მოვიპოვეთ უფლება, რომ ინიცირება დარეგისტირებულიყო საქართველოს პარლამენტში, რათა 2020 წელს არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, 3%-იანი ბარიერით, ბლოკებით. ივნისში მოხდა ის, რაც მოხდა , 20-21 ივნისის მოვლენებს ვგულისხმობ, რასაც მოჰყვა კონკრეტული პროტესტი, რასაც მალევე მოჰყვა „ქართული ოცნების“ პოზიციის დაფიქსირება.

ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ „ქართული ოცნება“ თანხმდება 2020 წლის პროპორციული სისტემით ჩატარებას. „ოცნებამ“ თქვა, ჩვენ მოვდივართ თქვენი მოთხოვნის შესაბამისად პროპორციულ სისტემაზე, ვამბობთ, რომ იქნება ბუნებრივი ბარიერი და ბლოკებს ვკრძალავთ. ფაქტობრივად, ჩვენი ინიციატივა და „ოცნების“ ეს ინიციატივა მნიშვნელოვანწილად ერთმანეთს დაემთხვა. პირველი პუნქტი სრულად დაემთხვა, ანუ პროპორციული სისტემა, მეორე პუნქტი – კიდევ უფრო დაბლა დაწია ბარიერი. ვსვამთ კითხვას – რატომ უნდა აიკრძალოს ბლოკები? თუ ლაპარაკია იმაზე, რომ ბლოკი არის მხოლოდ ბარიერის გადალახვის საშუალება, სვამთ კითხვას – 0, 67 %-ს რაღა ბლოკი უნდა, ისედაც უნდა გადალახოთ ბარიერიო , ჩვენ გეუბნებით, რომ ბლოკი მხოლოდ ბარიერის გადალახვის საშუალება არ არის , ბლოკი არის გაერთიანების, რესურსთა კონსოლიდაციის საშუალება. სხვა რომ არაფერი, ბლოკი არის ხელისუფლების შეცვლის საშუალება, საქართველოში უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ხელისუფლება 4-ჯერ შეიცვალა და ოთხივე ბლოკმა შეცვალა“, – განაცხადა კაციტაძემ.

მისივე თქმით, ბლოკების შექმნა ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის განვითარებისათვისაა უმჯობესი.

„ჩვენ ხელისუფლებას ვთავაზობთ, რომ პარტიისთვის იყოს 0, 67 %, ხოლო ბლოკისთვის იყოს გაზრდილი ბარიერი. ვცდილობთ მათ ავუხსნათ და დავანახოთ, რომ ქვეყნის ინსტიტუციური განვითარებისათვის, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის განვითარებისათვის უმჯობესია, რომ 2020 -ის არჩევნების დროს, შესაძლებლობა მიეცეთ პოლიტიკურ პარტიებს არა ერთი ქოლგის ქვეშ, ძალდატანებით მოექცნენ ერთ, პარტიულ სიაში და გადაყლაპოს ერთმა პარტიამ დანარჩენები, არამედ მიეცეთ თანაბარი თანამშრომლობის მექანიზმის შექმნის საშუალება.

ვაპირებთ იმას, რომ ჩავერთოთ საარჩევნო კამპანიაში , მას შემდეგ რაც დამთავრდება კანონმდებლობის ფორმირება , ბოლოსდაბოლოს გვეცოდინება, რა ჩაიწერება კონსტიტუციაში, ალბათ ეს ყველაფერი მოხდება ნოემბრის თვეში. გვინდა, მხოდეს ძალთა კონსოლიდაცია , ვისაც შეუძლია ერთმანეთთან თანამშრომლობა“, – განაცხადა კაციტაძემ.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები