ბათუმის ხელოვნების მუზეუმში რეჟისორ რეზო ესაძის პერსონალური გამოფენა გაიმართება
აჭარის ხელოვნების მუზეუმში ცნობილი რეჟისორისა და მხატვრის, რეზო ესაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა, ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის “BIAFF 2019”-ის ფარგლებში გაიმართება.
რეზო ესაძე მრავალი ფილმის დამდგმელი რეჟისორია, მათ შორის: “წკიპურტები“, “ერთი ნახვით შეყვარება”, “ნეილონის ნაძვის ხე” და სხვ. აღსანიშნავია, რომ ფილმებს არაერთი სახელმწიფო და საერთაშორისო პრემია აქვს მინიჭებული.
ესაძეს, როგორც მსახიობს, 15 მთავარი როლი აქვს შესრულებული. იგი საქართველოსა და რუსეთის მხატვართა კავშირის წევრია, ასევე არაერთი საერთაშორისო გამოფენის ექსპონენტი და მხატვარი წიგნისა “სიბრძნე მინიატურაში“. მისი ბიოგრაფია შეტანილია კემბრიჯისა და ვაშინგტონის საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრების კატალოგში.
გამოფენა 22 სექტემბრამდე გაგრძელდება.