“ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობა გვჭირდება საქართველოს თავისუფლების, უსაფრთხოების და კეთილდღეობის გასამყარებლად და არა – პირიქით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც მან განმარტა, საქართველო ეძებს ისეთ ურთიერთობას ევროკავშირთან თუ სხვებთან, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობაზე, საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე და არა – უპირობო მორჩილებაზე.
“სუვერენიტეტი დღეს ზოგიერთი პოლიტიკური ძალისთვის არა დამოუკიდებლობის, არამედ პირიქით, დაქვემდებარების იარაღი გახდა. ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, როდესაც ქვეყნის ლიდერისგანაც კი შეიძლება მოვისმინოთ, რომ პატარა ქვეყანას დამოუკიდებლობის შენარჩუნება უჭირს და გამოსავალი სხვა ქვეყანასთან მიერთებაა. სწორედ ამ პათოსს არის აყოლილი რადიკალური ოპოზიციაც, რომლის განცხადებებშიც გვესმის, თითქოს ერი-სახელმწიფოს იდეა მალე გაქრება.
ეს არის რასაც ცდილობენ შეგვაგუონ ისინი, ვინც საქართველოში სხვის დროშებს აფრიალებენ, სხვათა ჰიმნებს მღერიან და სხვა ქვეყნის ლიდერებს საკუთრად მიიჩნევენ. ამიტომ დასცინიან სუვერენიტეტს, იდეას, რომლითაც საქართველოს ეროვნულმა მოძრაობამ დამოუკიდებლობამდე მიგვიყვანა; ამიტომ აიგივებენ დამოუკიდებლობას იზოლაციონიზმთან, ხოლო ეროვნული ინტერესების პრიმატს – ეგოიზმთან. ამიტომ ზომავენ და წონიან ადამიანებს არა მათი ქვეყნისთვის სამსახურით, არამედ იარლიყებით: პრო- და ანტიევროპელი, პრო- და ანტირუსი, პრო- და ანტიჩინელი, პრო- და ანტიირანელი. ეს არის სწორედ ის იარლიყების პოლიტიკა, რომლითაც უნდათ გაგვაჩუმონ, დაგვაშინონ და დაგვიმორჩილონ.
თუმცა, მათ სამყარომაც კი ზურგი აქცია და საბოლოოდ გადატეხა ყალბი კოსმოპოლიტიზმის იარლიყები. მსოფლიო გამოფხიზლდა. დღეს სულ უფრო მეტი ქვეყანა აღიარებს მარტივ ჭეშმარიტებას: საკუთარი ქვეყნის პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს არა სხვებს შორის არჩევანს, არამედ საკუთარ ეროვნულ ინტერესს.
ამიტომ, თითოეულმა ქართველმა უნდა გავიაზროთ, რომ თუ გვინდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, თუ გვინდა ეროვნული სუვერენიტეტი, თუ გვინდა აღვასრულოთ ილიას სიტყვა და „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“, თითოეული ჩვენი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება უნდა გავზომოთ მხოლოდ ერთი საზომით – ეროვნული ინტერესით.
ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვა ყველას ვალია. ეს ყველას გვესმის. თუმცა, დღეს სუვერენიტეტი აღარ არის მხოლოდ დროშა, ჰიმნი, ან გაეროს წევრობა. დღეს დამოუკიდებლობის დაცვა ნიშნავს სახელმწიფოს შინაარსის დაცვას – ხალხის უფლებას, თვითონ განკარგოს თავისი ბედი და არა უცხოეთმა.
მსოფლიო პოლიტიკური წესრიგის რყევამ დაგვანახა, რომ არ არსებობენ მუდმივი მოკავშირეები და მეგობრები, არსებობს მუდმივი ეროვნული ინტერესები, რომლებიც ქვეყანამ ნებისმიერ ფასად უნდა დაიცვას.
ამ ინტერესების განუყოფელი ნაწილია ჩვენი პოლიტიკის გარედან დაცულობა – ჩაურევლობა. სწორედ ესაა დამოუკიდებლობა.
დამოუკიდებლობა დღეს არანაკლებ ძნელია, ვიდრე ორმოცი წლის წინ. დღეს დამოუკიდებლობას ხელახლა გვართმევენ და სწორედ ამიტომ არის ამგვარი გააფთრებული წინააღმდეგობა, როცა ვცდილობთ დავიცვათ სუვერენიტეტი და დავიცვათ საქართველო.
სწორედ ამიტომ, ბოლო პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით მივიღეთ უცხოური დაფინანსების შესახებ ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც არის სამართლებრივი გარანტია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას გარედან ვეღარავინ შეეხება. ეს კანონი არის იმ ბრძოლის ლოგიკური გაგრძელება, რომელსაც სახელმწიფო უკვე რამდენიმე წელია აწარმოებს გარე ჩარევის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, როგორც ეს ამ საუკუნის უდიდესმა შეიარაღებულმა კონფლიქტმა – უკრაინის ომმა გვაჩვენა: როდესაც ქვეყანა დროულად არ იცავს საკუთარ სახელმწიფოს შიგნიდან და გარედან, მის ბედს სხვები წერენ.
ორიოდე კვირის წინ შესრულდა ოთხი წელი, რაც ჩვენ ვუყურებთ ომის ქარცეცხლში გახვეულ ევროპას. ოთხი წელია ვუყურებთ მის ტერიტორიულად უდიდესი სახელმწიფოს ტრაგედიას და ევროკავშირის უუნარობას, გაუმკლავდეს სულ უფრო მზარდ კრიზისს.
თითოეული დღე, რომელიც ომის დღის წესრიგით თენდება, ამძაფრებს გეოპოლიტიკურ კრიზისს და აღრმავებს უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემის ეროზიას. ჩვენ ვხედავთ სრულ უუნარობას, გადაიდგას ქმედითი და მტკიცე ნაბიჯები, რომელიც დაასრულებდა ომს, უკრაინელი ხალხის ტანჯვას და მათი სახელმწიფოს ნგრევას.
ოთხი წლის წინ საქართველო მზად აღმოჩნდა, ხმამაღლა ეთქვა უარი ომის ლოგიკაზე, დამდგარიყო მშვიდობის მხარეს და კრიზისის პოლიტიკურ ეპიცენტრში დაებრუნებინა მთავარი ცნება – საქართველოს ეროვნული ინტერესი, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი განმსაზღვრელი და მდგენელი.
სწორედ ამიტომ აღშფოთდნენ ის ძალები, რომლებიც ქართულ სახელმწიფოს ქედმაღლურად უყურებდნენ, ჩვენს მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება გააჩნდათ და საკუთარ გეოპოლიტიკურ სცენარში „გასაწირი პაიკის“ როლი მოგვაკუთვნეს. მათთვის უცხოური მეურვეობა, სადამრიგებლო ჭკუის-სწავლებები, ქსელური აქტივიზმი და მრავალშრიანი გარე დაფინანსება უნდა ყოფილიყო ის ბერკეტი, რომლითაც, ომის ხანაში, საქართველოსთვის, თავს უნდა მოეხვიათ ახალი „ფუნქცია“ – საკუთარი სისხლი დაეღვარა სხვისი უსაფრთხოებისთვის, საკუთარი მიწა დაეკარგა სხვისი მიწის შენარჩუნებისთვის, საკუთარი მომავალი გაეწირა სხვისი კეთილდღეობისთვის”, – განაცხადა პაპუაშვილმა.