“კეზერაშვილის მიმართ დაწყებულ გამოძიებაში ბიზნესის დატერორების საქმეებიც უნდა ჩაირთოს“

„უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე პროკურატურას მიმართავს, დავით კეზერაშვილის სახელთან დაკავშირებული კომპანიების: „სენტას”, „მაგნატის” იგივე „გალფის”, „ელიტ ელექტრონიქსის” საქმეები გამოძიებაში ჩართოს. როგორც მჟავანაძე აცხადებს, 2006-2007 წლიდან სახელმწიფოში ბიზნესების აქტიური გადანაწილების პოლიტიკა დაიწყო დატერორების გზით, რომელსაც წარმატებულად ახორციელებდა ფინანსური პოლიცია. იმ პერიოდში ფინანსურ პოლიციას დავით კეზერაშვილი ხელმძღვანელობდა.
“დაინტერესებულ კომპანიაში შედიოდა ფინანსური პოლიცია, უკანონოდ და უსაფუძვლოდ ახდენდა კომპანიებზე არარეალური თანხების დარიცხვას, რათა კომპანიას, გარდა მისი უსაფუძვლობისა, რეალურად არ შეძლებოდა მისი გადახდა. 2012 წლის აგვისტოში „უფლებადამცველთა გაერთიანებამ” შეისწავლა ერთ-ერთი საქმე და გამოაქვეყნა დასკვნა სს „ელიტ ელექტრონიქსთან” დაკავშირებით, სადაც გაშიფრულია კომპანიის კანონიერ მესაკუთრეზე, ანზორ ქოქოლაძეზე თავისი კუთვნილი წილის წართმევის სქემა. სქემაში აშკარად იშიფრება ფინანსური პოლიციის მაშინდელი უფროსის დავით კეზერაშვილის დაინტერესება და მისი როლი ამ საქმეში – თუ როგორ მოხდა დავით კეზერაშვილის ხელმძღვანელობით წარმატებულ კომპანია სს „ელიტ ელექტრონიქსზე” უკანონოდ და უსაფუძვლოდ 14 145 845 ლარის დაკისრება და „თიბისი ბანკთან”დანაშაულებრივი გარიგებით კომპანიის დაუფლება, საბოლოდ კი „ელიტ ელექტრონიქსის” ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ ფირმებზე გასხვისება. აშკარაა, რომ კომპანიის დაუფლების შემდეგ, „ელიტ ელექტრონიქსის” ხელმძღვანელებად ინიშნებოდნენ კეზერაშვილის გუნდის წევრები, კერძოდ, მიხეილ ბენიამინი, „სან პეტროლიუმ ჯორჯიას” (იგივე გალფის) განყოფილების უფროსი, „ელიტ ელექტრონიქსის” სამეთვალყურეო საბჭოში შედის ვინმე დორი გროსმანი, ასევე ისრაელის მოქალაქე და ასევე კომპანია „სან პეტროლიუმ ჯორჯიას” (გალფის) კონსულტანტი. „ელიტ ელექტრონიქსის” ერთ-ერთი დირექტორი გახლდათ ასევე იოსებ მგელაძე, რომელიც იყო დავით კეზერაშვილის მამის შოთა კეზერაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, რაც დასტურდება საჯარო რეესტრში შეტანილი არაერთი განცხადებით, სადაც იგი იყო მისი წარმომადგენელი და მოქმედებდა შოთა კეზერაშვილის სახელით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ანზორ ქოქოლაძისა და მისი ბიზნესის მიმართ ჩადენილია სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი დანაშაულები: სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (332-ე მუხლი), სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება (333-ე მუხლი), კანონიერი სამეწარმეო საქმიანობისათვის ხელის შეშლა (190-ე მუხლი), უდანაშაულო პირის განზრახ მიცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში (146-ე მუხლი), იძულება (150-ე მუხლი), მუქარა (151-ე მუხლი), ნივთის დაზიანება და განადგურება 187-ე მუხლი), მითვისება ან გაფლანგვა (182-ე მუხლი), თაღლითობა (180-ე მუხლი). აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება) და მე-6 (სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება) მუხლები”, – აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე. „უფლებადამცველთა გაერთიანება” მიმართავს პროკურატურას ყოფილი ფინანსური პოლიციის უფროსის და ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის მიმართ დაწყებულ გამოძიებაში ჩართოს ყველა ეს საქმე, ჩაატაროს დეტალური გამოძიება, დაადგინოს აღნიშნულ პირთა ბრალეულობის საკითხი და კანონით დადგენილი წესით მოახდინოს კომპანიის მესაკუთრეებისათვის უკანონოდ წართმეული კომპანიების დაბრუნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები