ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია, 2019 წელს, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას“ გადაეცა

ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის მიერ 2017 წელს დაარსდა ყოველწლიური ჯილდო – ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია – საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, რომელიც წელს მესამედ გაიცა, 12 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილი პროექტის – „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“ ღონისძიებების ფარგლებში.
დაჯილდოების ცერემონია სიმბოლურად მთაწმინდის პანთეონში გაიმართა.
ღონისძიების დაწყებამდე, პროექტის ხელმძღვანელმა და ილია ჭავჭავაძის პრემიის დაფუძნების ინიციატორმა გიორგი სავანელმა საზოაგდოებას მიმართა და პრემიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მან ასევე აღნიშნა: „წელს ჩვენ აქ, მთაწმინდაზე, არ უნდა შევხვედროდით… არსებული რეალობიდან გამომდინარე, წელს გადაწყვეტილი გვქონდა, რომ როგორც ილიასადმი მძღვნილი ღონისძიებები, ასევე დაჯილდოება გამართულიყო სოფელ ხურვალეთში, ე.წ. სასაზღვრო ზოლთან, მავთულხლართების გასწვრივ, რათა სწორედ ილიას იდეების საპატივსაცემოდ დაგვეგმო რუსული ოკუპაციური პოლიტიკა და ქართული ტერიტორიის ხელყოფის დაუსრულებელი მცდელობები… მაგრამ, სამწუხაროდ და სამარცხვინოდ, ჩვენმა მმართველობამ არ მოგვცა ნება, საკუთარ საზღვარზე მივსულიყავით, მშვიდობიანად გვესაუბრა ილიაზე, მის სახელმწიფოებრივ იდეებზე და დაგვევგო რუსული ოკუპაცია… ამიტომ, ისევ აქ ილიას შევაფარეთ თავი და დღეს მის საფლავთან შევიკრიბეთ…“.
ილია ჭავჭავაძის პრემიის გადასაცემად, მან ამ ჯილდოს გასული წლის მფლობელი მწერალი როსტომ ჩხეიძე მოიწვია, რომელმაც პრემიის წლევანდელი მფლობელი დაასახელა.
ფონდის ჯილდოს მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიმღები 9-კაციანი სარეკომენდაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომლის წევრები არიან: კონსტანტინე გამსახურდია /დიპლომატი, პოლიტიკური მოღვაწე/, ლია სტურუა /პოეტი/, ბაღათერ არაბული /პოეტი, მწერალი/, დიმიტრი შველიძე /ისტორიკოსი/, ივანე ამირხანაშვილი /კრიტიკოსი, ლიტერატორი/, ნინო ზაუტაშვილი /ტელეწამყვანი, მედია-პროდიუსერი/, ნინო სადღობელაშვილი /პოეტი, დრამატურგი/, დეკანოზი გიორგი წეროძე /ფილოსოფიის ფოქტორი/ და გიორგი სავანელი /დრამის რეჟისორი, საზოგადოებრივი აქტივისტი/) – „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია – საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის“ წელს „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას“ გადაეცა.
პრემია ჩაიბარა „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ გამგეობის თავმჯდომარემ ირაკლი ხვადაგიანმა. მან, მადლობა გადაუხადა „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ მესვეურებს და საბჭოს შემადგენლობას „სოვ-ლაბ“-ისათვის ასეთი პრესტიჟული ჯილდოს მინიჭებისათვის და აღნიშნა, რომ მათთვის სრულიად მოულოდნელი იყო მსგავსი ჯილდოს მიღება.
მას ასევე აღნიშნა, რომ ისინი ყოველთვის კრიტიკულნი არიან საკუთარი საქმიანობის შეფასებისას, თუმცა სრულიად იაზრებენ იმ მიმართულებით მუშაობის საჭიროებას, რასაც „სოვ-ლაბი“ ეწევა და დასძინა, რომ მათ ეს ჯილდო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ –  სალიტერატურო და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი თეატრების – სოხუმისა და  ცხინვალის თეატრების მსახიობები და პერსონალი,  ბოლნისის საზღვრისპირა დასახლებებიდან სპეციალურად ამ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოსული ახალგაზრდები.
„ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია – საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის“ მომავალ, 2020 წელს, ამავე დღეს, 12 სექტემბერს, უკვე მეოთხედ გაიცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები