კომპანია “ანაგის” მიერ დაწყებული ბათუმის სტადიონის მშენებლობა დათქმულ დროზე ადრე დასრულდება

ბათუმის “დინამოს” სტადიონის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და დაგეგმილზე ადრე დასრულდება. სტადიონს კომპანია “ანაგი” აშენებს. ის 20 000 მაყურებელზეა გათვლილი და მთლიანად უეფას რეკომენდაციების მიხედვით შენდება.
სტადიონზე მიმდინარე სამუშაოებს შპს “სტადიონის” დირექტორი, ჯაბა სურმანიძე აფასებს.
– ბატონო ჯაბა, რა სამუშაოები შესრულდა სტადიონზე და ამჟამად რა ეტაპზეა მშენებლობის პროცესი?
– ბათუმის “დინამოს” სტადიონის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. სტადიონი 20 000 მაყურებელზეა გათვლილი. გადახურვისა და ფასადის ჩახურვის შემდეგ, სულ სხვა ვიზუალი მიიღო. გადახურვა და ფასადის ჩახურვა უმაღლესი ხარისხის არქიტექტურული მემბრანით განხორციელდა. ახლა დასასრულს უახლოვდება საინჟინრო-კომუნიკაციური და მექანიკური ნაწილი, ასევე გარე და შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები. ამჟამად ტრიბუნაზე დავიწყეთ ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები, რომლის შემდეგაც ყველაფერი დასუფთავდება და რამდენიმე პროცედურის შემდეგ, მუქი ლურჯი ფერის სკამების მონტაჟი დაიწყება. პირველ და მეორე იარუსზე, ასევე VVIP-VIP პროტოკოლის ზონაში დამონტაჟებული სკამები იქნება-მექანიკური დაზიანების მიმართ მაქსიმალურად მდგრადი, ანტივანდალური და ცეცხლმედეგი. ეს მაღალი სტანდარტების მქონე საფეხბუთო სტადიონია.
– როდის დაიწყება მოედნის მოწყობის სამუშაოები და რამდენად ხარისხიანი ბალახი დაიგება სტადიონზე?
– სტადიონი არაოლიმპიურია- ანუ, ეს არის სუფთა საფეხბურთო მოედანი. მაყურებელი მინდორთან მაქსიმალურად ახლოს იქნება, რაც მისთვის დამატებითი კომფორტია. სტადიონზე უმაღლესი ხარისხის მინდვრის საფარის დაგების წინამოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. მალევე მოედნის მოსწორებასა და სადრენაჟო სისტემის გამართვით სამუშაოებსაც დავიწყებთ. მოედნის საფარის დაგება ოქტომბერშია დაგეგმილი. კონცერტების გამართვის დროს კი სპეციალური 50 სანტიმეტრამდე საფარი იქნება, რის გამოც სათამაშო ბალახის საფარი არ დაზიანდება.
სტადიონზე ადგილები როგორ გადანაწილდება? ასევე რომ გვესაუბროთ სტადიონის მოწყობისა და განათების სისტემაზე?
– აღმოსავლეთ და დასავლეთ ტრიბუნაზე ბიზნეს კლასის ადგილები ე.წ “სქაი ბოქსები“ და ბიზნეს ლაუნჯები გავითვალისწიეთ. საპატიო სტუმრებისთვის 177 ადგილია გამოყოფილი. მოწესრიგდა მედიის ლოჟა და საკომენტატორო ჯიხურები. განათებისა და გახმოვანების სისტემა არის უმაღლესი ხარისხის. 2016 წელს ამოქმედდა რეგულაცია განათების სისტემასთან დაკავშირებით. ჩვენ გადავდივართ ამ სისტემაზე. 1500 ლუქსი იქნება განათების სიხშირე. რაც დაგეგმილ განათებაზე ბევრად უკეთესია. მას უფრო მეტი სიკაშკაშე აქვს და ჩრდილებს არ წარმოშობს. ამ სისტემას მნიშვნელოვანი უპირატესობები აქვს. ავტომობილების გასაჩერებლად 1200 საპარკინგე ადგილია, ყველასთვის არის გამოყოფილი საპარკინგე ადგილი, რაც მაქსიმალურ კომფორტს ქმნის. რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, შშმ პირებისთვის გათვალისწინებულია ცალკე საპარკინგე სივრცის და ტრიბუნის მოწყობა. სტადიონი სრულად არის ადაპტირებული. შშმ პირებს სრულფასოვნად შეეძლებათ ისარგებლონ ყველა სახის მომსახურებითა და ინფრასტრუქტურით. სტადიონის გარე ტერიტორიაზე დაახლოებით 4 800 კვ.მ კომერციული ფართის მოწყობაც იგეგმება. მოეწყობა გულშემატკივართა კაფე, სპორტული მუზეუმი, სპორტული ატრიბუტიკის მაღზია და სხვა სივრცეები, ასევე სტადიონზე პანორამული ხედით რესტორანიც მოეწყობა.
– დაახლოებით, როდის დასრულდება სამუშაოები?
– სამუშაოების დასრულების ვადა ხელშეკრულებით 2020 წლის ოქტომბერია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ასეთი ტემპით სტადიონის მშენებლობა ვადაზე ადრე დასრულდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, იგეგმება სტადიონის საზეიმო ვითარებაში გახსნა. მაგრამ მანამდე იქნება სატესტო ღონისძიება , რის შემდეგაც ბათუმის სტადიონს სათანადო კატეგორია მიენიჭება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები