წმინდა სინოდი მიმართვას ავრცელებს
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მიმართვას ავრცელებს.
როგორც წმინდა სინოდის მიმართვაშია აღნიშნული, დღეს პატრიარქისადმი ჩვენი სიყვარული მისი მრავალწლიანი შეგონებების აღსრულებაში უნდა გამოვლინდეს.
„საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მიმართვა სრულიად საქართველოსადმი:
ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო თანამემამულენო, გისამძიმრებთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, დიდისა მეუფისა მამისა ჩვენისა ილია II-ის გარდაცვალებას.
მისი უწმინდესობის სიყვარული და მზრუნველობა ვრცელდებოდა საქართველოს თითოეული მოქალაქის მიმართ, განურჩევლად აღმსარებლობისა თუ ეთნიკური ნიშნისა. იგი ჭეშმარიტად იყო, არის და იქნება მამა სრულიად საქართველოსი. უცხოეთიდან შემოსულ სამძიმრის წერილებში აღნიშნულია, რომ იგი დააკლდა არა მარტო საქართველოს, არამედ სრულიად საქრისტიანოსა და მთელ მსოფლიოს.
ღვთის განგებით, ჩვენი პატრიარქის გარდაცვალება აღესრულა დიდ მარხვაში, ჯვრის თაყვანისცემის შვიდეულში. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს მისი მოწამეობრივი ცხოვრების შესახებ. მისი უწმინდესობის მიერ აღსრულებული სამოციქულო ღვაწლი – ღვთისაგან განშორებული ერის სარწმუნოებისაკენ შემობრუნება – მხოლოდ ღვთისა და მამულისადმი სრული თავგანწირვით იყო შესაძლებელი.
დიდ სიყვარულთან ერთად კათოლიკოს-პატრიარქი გამოირჩეოდა ღვთივმონიჭებული სიმდაბლითა და სიბრძნით. 49 წლის განმავლობაში მან ბეწვის ხიდზე ატარა ჩვენი ქვეყანა და მრავალ განსაცდელს გადაარჩინა იგი.
ამ უდიდესი მწუხარების წუთებში ჩვენ ასევე გვეუფლება რწმენა იმისა, რომ მისი უწმინდესობა პირნათელი წარდგა ღვთის წინაშე, რომ მის სულს უფალი დაამკვიდრებს ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადაცა მართალნი განისვენებენ. გვეუფლება სასოება იმისა, რომ მისი ლოცვა კვლავაც განგვაძლიერებს სულიერად და განგვინათებს გონებას, რათა გავაგრძელოთ სვლა მის მიერ გაკვალულ სამეუფო გზაზე და უახლოეს მომავალში მივაღწიოთ ქვეყნის გამთლიანებასა და აღორძინებას.
დღეს პატრიარქისადმი ჩვენი სიყვარული უნდა გამოვლინდეს მისი მრავალწლიანი შეგონებების აღსრულებაში. უპირველესად, ღვთისა და მოყვასის წინაშე საკუთარი ცოდვების აღიარებაში, ურთიერთმიტევებასა და შერიგებაში. ქრისტესმიერი სიყვარულის აღორძინებით ჩვენ შევძლებთ ქვეყანაში მშვიდობიანი თანაარსებობის დამკვიდრებას და საზოგადოების გამთლიანებას. გავაგრძელოთ სვლა ჩვენი წინაპრების მიერ გაკვალულ გზაზე, რომელთან დაბრუნებაშიც შეუფასებელია ისტორიული როლი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა.
წმინდათა თანა განუსვენოს უფალმა სულსა ახლად შესვენებულისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა ილიასი და დაუმკვიდროს მას სასუფეველი ცათა. ამინ“, – ნათქვამია განცხადებაში.