საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი დღევანდელი სხდომის ოქმს აქვეყნებს
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის ოქმს აქვეყნებს.
დოკუმენტში საუბარია პატრიარქის დამკრძალავი კომისიის შემადგენლობაზე, ამასთან – დაკრძალვის თარიღსა და ადგილზე.
„წმინდა სინოდის სხდომა იქნა მოწვეული სამწუხარო მიზეზით – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია ll-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
წმინდა სინოდის სხდომა გახსნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).
თავის სიტყვაში მეუფე შიომ გამოუცხადა სამძიმარი წმინდა სინოდის წევრებს და გაიხსენა კათოლიკოს-პატრიარქ ილია ll-ის მრავალწლიანი ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე.
ამის შემდგომ მან დააყენა საკითხი საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობასთან დაკავშირებით მომავალი პატრიარქის არჩევნებამდე. აზრი გამოთქვა უხუცესმა მღვდელმთავარმა, მანგლელმა მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე) და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე).
წაკითხულ იქნა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მე-4 თავის მე-4 პარაგრაფი.
სინოდმა დაამტკიცა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ.
წმინდა სინოდმა დაადგინა:
I. შეიქმნას დამკრძალავი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
- საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)
- სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე)
- ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი)
- ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე)
- ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)
- ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია)
- ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი)
- ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე)
- გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა)
- მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე)
- სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი (ცაკაშვილი)
- საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე
- სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი
- საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
- არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი).
II. დაკრძალვის თარიღად დადგინდა 2026 წლის 22 მარტი, კვირა.
III. დაკრძალვის ადგილად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სურვილის გათვალისწინებით, განისაზღვრა თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარი.
IV. სინოდმა შეიმუშავა მიმართვა სრულიად საქართველოსადმი“, – აღნიშნულია სხდომის ოქმში.