რუსთავში 52 სოციალურად დაუცველი, თავშესაფრის მაძიებელი ოჯახი საცხოვრისს მიიღებს
დღეს რუსთავის მუნიციპალიტეტში გამართულ სპეციალური კომისიის სხდომაზე, ინდივიდუალურად განიხილეს თითოეული იმ ოჯახის საკითხი, რომელსაც საცხოვრისით უზრუნველყოფის მოთხოვნით განაცხადი ჰქონდა მუნიციპალიტეტის მერიაში შეტანილი და რომელმაც ქალაქის საკრებულოს მიერ დადგენილი კრიტერიუმები დააკმაყოფილა.
კომისიის სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად, საცხოვრისით დასაკმაყოფილებელი 52 ოჯახი გამოვლინდა. კენჭისყრაზე გამოტანილი თითოეული ოჯახის დოკუმენტაციას, შტრიხკოდი ჰქონდა მინიჭებული, ოჯახების კონკრეტული ვინაობა, კენჭისყრის დასრულებამდე, კომისიის არცერთი წევრისთვის არ იყო ცნობილი.
სოციალური საცხოვრისის მშენებლობა მე-11 მიკრორაიონში, რუსთავის მერიამ 2018 წლის აპრილში დაიწყო და 2019 წლის მარტში დაასრულა. 2019 წლის თებერვალში, მერის ბრძანებით შეიქმნა “ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკარო პირთა დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისია“, რომელშიც ადგილობრივი მედიასაშუალებების, არასამთავრობო სექტორის, მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენლები და ქალაქის საკრებულოს წევრები მუშაობენ. კომისიას რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორია ხელმძღვანელობს. 2018 წლის დეკემბერში, ქალაქის საკრებულომ „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი“ დაამტკიცა, განისაზღვრა კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც იმ ბენეფიციართა შერჩევა მოხდებოდა, რომელებიც შემდგომში სოციალური საცხოვრისით შეძლებდნენ სარგებლობას.
რუსთავში სოციალურად დაუცველთა საცხოვრისით უზუნველყოფა, სპეციალურად მათთვის მუნიციპალიტეტის მიერ აშენებული ფართით პირველად ხდება. საცხოვრისის მშენებლობა ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 800 097 ლარია.