რუსუდან თევზაძე: ოპოზიციის „საშინაო დავალება“ მხოლოდ საბოტაჟი და ხელისუფლების დისკრედიტაციაა

“პარლამენტი, თავისი არსით, სახელმწიფოს სახეა და მასში მიმდინარე პროცესები პირდაპირპროპორციულად უკავშირდება ქვეყნის ღირსების თემას. თუმცა ისიც ცხადია, რომ პარლამენტი ღირსეული მხოლოდ მაშინაა, როცა იგი ღირსეული წევრებისგან შედგება”, – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერი რუსუდან თევზაძე დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს. ​
​როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, ოპოზიციის „საშინაო დავალება“ მხოლოდ საბოტაჟი და ხელისუფლების დისკრედიტაციაა.
“დღეს გულისყურით ვუსმენდი პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრას და ოპოზიციური „სუბიექტებისგან“ ვერ მოვისმინე ვერც ერთი, საქმეზე და კონსტრუქციულ დიალოგზე დაფუძნებული ნარატივი. როგორც წარსულში, ახლაც მათი „საშინაო დავალება“ მხოლოდ საბოტაჟი და ხელისუფლების დისკრედიტაციაა.
ერთმნიშვნელოვნად და ხაზგასმით ვადასტურებ პარლამენტში განსხვავებული და კრიტიკული აზრის არსებობის აუცილებლობას, თუმცა არა ისეთი და იმგვარი ფორმით, რასაც მათი მხრიდან ვისმენთ.
დარბევასა და დაშლას შორის დიდი განსხვავებაა და სამწუხაროდ, მათ შეგნებულად გაათანაბრეს ეს ორი მოცემულობა. ასევე, სამწუხაროდ მიტინგის დაშლაც არ არის ბოლომდე დაცული გარკვეული რისკებისგან და ამიტომ თავად ინდივიდი არის ვალდებული იფიქროს და იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე. შემთხვევები ყველა განვითარებულ სახელმწიფოში ხდება და ამაზე დავას აზრი არ აქვს.
დღევანდელმა შეხვედრამ, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილისკენ გადადგმული თანამშრომლობითი ნაბიჯები უნაყოფო გამოდგა და ამიტომ დროა ამ მიმართულებით, ქვეყნის სწორი განვითარებისა და საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ხისტი და რადიკალური ნაბიჯების გადადგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები