თავდაცვის მინისტრი პოსტზე მოსვლის წინ მიზნად ისახავს, რომ ადამიანების გამათავისუფლებელი მოძრაობა დაამარცხოს და ოკუპანტს ვერ ხედავს 40 კილომეტრში, ჩემი აზრით, არ შეიძლება ასეთი მინისტრი იყოს სერიოზული, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იაგო ხვიჩია თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა.
ღარიბაშვილმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე ქვეყნისათვის ძირგამომთხრელ საქმიანობა უწოდა „გირჩის“ წევრების ინიციატივით დაფუძნებულ “ბიბლიურ თავისუფლებას”, რომელიც წვევამდელებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისაგან გათავისუფლების საშუალებას აძლევს.
„გვაქვს ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული , სადაც ამ წუთასაც მცოცავი ოკუპაცია მიმდინარეობს , გვყავს გაცხადებული მტერი, რომლიც ხან როგორ გვემუქრება, ხან როგორ. ქართული ჯარი, ფაქტობრივად, საშინელ მდგომარეობაშია . ამასთან ვართ ქვეყანა, რომელზეც ცოტა ხნის წინ იყო სკანდალი, არ მინდა ვინმეს რამე დავაბრალო, მაგრამ დიდი უარყოფაც არ მომისმენია, ისეთი ადამიანი შეიყვანეს ქართულ სამხედრო ბაზაზე, რომელსაც რუსეთთან აქვს კავშირი და გასამართლებული იყო ქვეყნის ღალატისთვის, ფაქტობრივად, ქვეყანაში არსებული ბაზები და საიდუმლო ინფორმაციები ქვეყნის მეტრს აქვს დიდი ალბათობით ხელში ჩავარდნილი. ასეთ ქვეყანაში მოდის თავდაცვის მინისტრი, რომელიც მთავარ ამოცანად აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ და „ბიბლიური თავისუფლების“ მოსპობას, თუ რაღაც ასეთ უცნაურობას. ჩვენ გვეძახის ქრისტიანობის მტერს. მე არ ვიცი, რატომ არის თავდაცვის მინისტრის საზრუნავი ქრისტიანობაზე ზრუნვა და რელიგიური საკითხები. ამისთვის ვნიშნავთ თავდაცვის მინისტრს? ფაქტობრივად, ეს დასახა თავის სამუშაო გეგმად. დანარჩენი, თქვა, რომ მისი საქმე არ არის, რა ხდება თავდაცვის სამინისტროში, რა დღებში არიან წვევამდელები, მისი საქმე არ არის, რომ ადამიანებს მონებივით იყენებენ თანამდებობის პირების დასაცავად, მისი საქმე არ არის არც მცოცავი და არც სხვანაირი ოკუპაცია, მისი საქმე არ არის ნატოსთან ინტეგრაცია და სხვა საკითხები“- განაცხადა ხვიჩიამ.
მისივე თქმით, ქვეყანას ეყოლება თავდაცვის მინისტი, რომელიც ჯარში არაა ნამყოფი.
„ირაკლი ღარიბაშვილი არაფრის მომგვარებელი არ არის. არ დაგვავიწყდეს, ეს არის ადამიანი, რომლის დროსაც ქართული ეკონომიკა გაჩერდა. საჭირო გახდა მისი მოხსნა, რომ ეკონომიკა ამოძრავებულიყო 2015 წელს. ასეთ თავდაცვის მინისტრზე ვსაუბრობთ, რომელმაც ნახა მოწინააღმდეგე და შეება მტერს. როგორც ჩანს, მას „ბიბლიური თავისუფლება“ თვალში ეპატარავება. თუმცა, არ მგონია, რომ ეს იყოს ირაკლი ღარიბაშვილის ძველი ბოღმის შედეგი, რომელიც მოსდგამს იქიდან, როცა ზურა ჯაფარიძემ ფაქტობრივად გაანადგურა საქართველოს პარლამეტში და ქვეყნის სასაცილო გახადა. რეალურად, ეს ამბავი სავალდებულო მონობასთან დაკავშირებით მოდის საქართველოს საპატრიარქოდან. საპატრიარქო არის ამ იდეის გულშემატკივარი. ღარიბაშვილი მოყვანილია იმისთვის, რომ თავი მოაწონოს საქართველოში არსებულ ყველაზე ბნელ ამომრჩეველს, დიდი, შავ-თეთრი გაზეთის ამომრჩეველია ძირითადად ეს ამომრჩეველი. ასეთი ერთერთი სიბნელის ლაპარაკი და პროგრესულობასთან ბრძოლა არის სავალდებულო სამხედრო სამსახურზე ვითომ თავის გამოდება. ვინ, ვინ და ღარიბაშვილმა კარგად იცის, რა უაზრობაა სავალდებულო სამხედრო სამსახური , ბოლოს და ბოლოს, თავისივე გაგებით ის არის დეზერტირი. თავად მანაც თავის დროზე ასე დააღწია ჯარს თავი. მას აქვს სამხედრო კათედრა გავლილი, ასე თქვა. ეს კათედრა მეც მაქვს გავლილი. ეს კათედრა არავითარ კავშირში არაა სავალდებულო-სამხედრო სამსახურთან. ანუ, ფაქტობრივად, გვყავს თავდაცვის მინისტრი, რომელიც ჯარში არაა ნამყოფი . დეზერტირია მისივე გაგებით. მან კარგად იცის, რა არის დღევანდელი ქართული ჯარი. ეს არის ყველაზე გაჭირვებულ ადამიანთა ერთობლიობა, ვამბობ სავალდებულო სამხედრო სამსახურზე, არა კონტრაქტორებზე. ისინი ჯარში იმიტომ ხვდებიან, რომ პატრონი არ ჰყავთ“- განაცხადა ხვიჩიამ.
მისივე განცხადებით, „ბიბლიურ თავისუფლებას“ სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან 25 000 ადამიანი ჰყავს გათავისუფლებული, რომელთა შორის დეპუტატებისა და მღვდლების შვილებიც არიან.
„უნდა იცოდეთ, რომ ამ ქვეყნის დეპუტატების შვილები, ოჯახის წევრები ჯარში არ დადიან, ესენი ბაქიბუქობენ სხვა ადამიანების მონობაში წასაყვანად, თორემ საკუთარი ოჯახის წევრები არავის გაუშვია ჯარში მონად. მე მათ არ ვაკრიტიკებ, მესმის, რომ არარაციონალურია ვინმეს ასეთ ჯარში გაშვება. მაგრამ, თუ საკუთარი შვილი და ოჯახის წევრი არ გემეტება ამისთვის, რა მორალური უფლება გაქვს იმის, რომ „ბიბლიური თავისუფლებას“ სექტა ეძახო. თავდაცვის მინისტრი პოსტზე მოსვლის წინ მიზნად ისახავს, რომ ადამიანების გამათავისუფლებელი მოძრაობა დაამარცხოს და ოკუპანტს ვერ ხედავს 40 კილომეტრში, ჩემი აზრით, არ შეიძლება ასეთი მინისტრი იყოს სერიოზული.
იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ „ბიბლიური თავისუფლება“ ქართულ სამხედრო ძლიერებას ებრძვის, მინდა ვთქვა, რომ ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც ითხოვს თავდაცვის ბიუჯეტის მინიმუმ გაორმაგებას. მიგვაჩნია, რომ გვჭირდება მართლა თავდაცვა , შეირაღება და არა ის მაიმუნობა, რასაც ახლა თავდაცვის მინისტრად წოდებული ღარიბაშვილი გვეუბნება. მისი ყველა საუბარი რომ ატომური ბობმბის გარდა, ყველაფერს ვაწარმოებთ, არის წმინდა წყლის ტყუილი.
ცდილობენ, გააუქმონ ამ ქვეყანაში ყველაზე თავისუფლებისმოყვარე ორგანიზაცია, რომელსაც 25 000 ადამიანი ჰყავს გათავისუფლებული, მათი შვილების ჩათვლით სხვათა შორის. მინდა ვთქვა, ჩვენთვის დაურეკავთ დეპუტატებს თავიანთი შვილის გასათავისუფლებლად , მღვდლებს, პოლიციის უფროსებს, კომისარიატის თანამშრომლებს, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი გვყავს გათავისუფლებული, საჯარო სამსახურის თანამშრომლებს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, რომლებსაც ცხოვრება ენგრეოდათ, სამსახურს კარგავდნენ იმიტომ, რომ სახელმწიფო სისტემა იძულებით მიერეკობოდა ყარაულად“- განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისთვის, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ბიბლიური თავისუფლები“ საქმიანობა სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას უქმნის საფრთხეს.
„ეს არის ჩვენი სახელმწიფოსთვის პირდაპირ ძირგამომთხრელი საქმიანობა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ მისთვის ამ საკითხის “დარეგულირება ერთ-ერთი პირველი ამოცანა და საზრუნავი იქნება”.
ბიბლიური თავისუფლება” ახალგაზრდებს მღვდელმსახურებად აკურთხებს და სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან ათავისუფლებს.
თამუნა შეყილაძე