საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელი ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერი 7-10 სექტემბერს საქართველოს ეწვევა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, 6 სექტემბერს ელჩი რიკერი მიუნხენში, აშშ-ის საკონსულოს თანამშრომლებს შეხვდება, შემდეგ კი საქართველოში გაემგზავრება.
ფილიპ რიკერი თბილისში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და უსაფრთხოების ექსპერტებთან, პოლიტიკოსებთან, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებთან და ბიზნესმენებთან ერთად განიხილავს იმ საკითხებს, რომლებიც გავლენას ახდენს საქართველოს დემოკრატიულ პროგრესსა და ტრანსატლანტიკურ მისწრაფებებზე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ელჩი რიკერი გააძლიერებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ელჩი რიკერი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის წევრებს, პარლამენტარებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები