11 წლის მოცეკვავე და მხატვარი, რომელსაც „სევდიანი ჯამბაზი“ უყვარს…

ჯერ მხოლოდ 11 წლისაა,  თბილისის N156 საჯარო სკოლის 7-1 კლასის მოსწავლეა. ადრეული ბავშვობიდან ხატავს…  მოსწონდა, როგორ ქმნიდნენ დედა და ბებია ოჯახში ლამაზ ნაქარგობებს.
ერთხელაც აიღო ფუნჯი და პირველი შტრიხები გაავლო. ამბობს, რომ ყველა ნახატი უყვარს და ვერცერთს გამოარჩევს. მათ შექმნის თავისებური ისტორია აქვთ…
ხატვასთან ერთად, ცეკვავს, ანსამბლ „გენის“ მოცეკვავეა. მონაწილეობს საქველმოქმედო საღამოებსა და კონკურსებში. – დეა ქადაგიშვილის პერსონა.

– დავიბადე თბილისში, ზაზა ქადაგიშვილის და თეონა ბურდულის ოჯახში. ბაღის ასაკიდან ვხატავ. ეს ოჯახურმა ტრადიციამაც განაპირობა.
ოდითგანვე ჩემი დედულეთი განთქმულია ხელსაქმით… დედა და ბებია ქარგავენ, ქსოვენ, ხატავენ ხევსურული ორნამენტებით.
– პირველი ნამუშევრები…

„სევდიანი ჯამბაზი“

– პირველი ნამუშევრები შავ-თეთრი მქონდა, დავიწყე ფანქარით, ძირითადად, ვხატავდი პორტრეტებს.
– რა საგნები გიყვარს, ხატვისთვის დროს როდის პოულობ?
–  საგნებიდან განსაკუთრებით მიყვარს ქართული ლიტერატურა, ინგლისური და ხელოვნება. როცა ხატვის სურვილი მიჩნდება, ნებისმიერ საქმეს თავს ვანებებ და ფუნჯს ვიღებ.
– რა მასალებით ხატავ?
– ვხატავ ფანქრით, აკვარელებით და ახლა ვსწავლობ ზეთის საღებავებით ხატვას.
– რომელ ნახატებს გამოარჩევდი საკუთარი შემოქმედებიდან?
– ყველა ნახატი თავისებურად მომწონს და მიყვარს, ვერცერთს ვერ გამოვარჩევ…
– რომელიმე ნახატის შექმნის ისტორია…
– როდესაც დავინახავ ბუნებაში რაიმე განსაკუთრებულს, თუნდაც ლამაზ გარემოს, ჩაცმულობას, განსაკუთრებულ ვარცხნილობას – ეს ყველაფერი ჩემს გონებაში ილექება, ვიღებ ფუნჯს და ვიწყებ ხატვას.
ასე შეიქმნა „სევდიანი ჯამბაზი“… ბავშვობიდან ყველას გვგონია, რომ ჯამბაზი ყოველთვის მხიარული და ბედნიერია, თუმცა ეს ასე არ არის, მათაც აქვთ დარდი… ერთხელაც დავფიქრდი ამ ყველაფერზე და მომინდა, ჩემი ეს ფიქრები ერთ ნახატში ამესახა. ასე შეიქმნა  „სევდიანი ჯამბაზი“…
– მოცეკვავეც ხართ…
– ვარ ქართული ანსამბლის „გენის“ მოცეკვავე. ვასრულებ ლაზურს, აფხაზურს, ქალთა ხორუმს და კიდევ მრავალ სხვას.
– საქველმოქმედო აქციაში ჩაები, პოეზიის კრებული შენი ნახატებით გაფორმდება…
– დიახ, გავიმარჯვე ერთ-ერთ კონკურსში, რის შედეგაც ჩემი ნახატი – „ბალერინები“ შევიდა ხათუნა გელაშვილის საბავშვო ლექსების კრებულში.
– პერსონალური გამოფენის მოწყობას თუ აპირებ?
– ვმონაწილეობ სამების საკათედრო ტაძართან არსებულ კონკურსში და მინდა, რომ წარმატებით დავასრულო.
რაც შეეხება პერსონალურ გამოფენას, მომავლის საქმეა. ჯერ ძალიან კარგად უნდა დავეუფლო ხატვის ხელოვნებას.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები