რას ყვება პეკინის ქუჩაზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის დედა

ორი წლის წინ შევამჩნიე აგრესიულობა, აღგზნება. ქავთარაძეზე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დავაწვინეთ და რამდენიმე დღეში გამოვიყვანე. განყოფილების უფროსმა ნება დამრთო, თუ გინდათ, გაიყვანეთ და სახლში უმკურნალეთო. ასეც მოვიქეცი – ამის შესახებ პეკინის ქუჩაზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის თამარ საძაგლიშვილის დედა მანანა ჩხიკვაძე აცხადებს.
კითხვაზე-თუ რა უწერია მის შვილს დიაგნოზში, ჩხიკვაძე აცხადებს, რომ თავიდან მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი ჩაუწერეს, მერე – შიზოფრენია.
მისი თქმით მედიკოსებს მისი შვილისთვის დანიშნულება არ დაუწერიათ.
“დანიშნულება არ დაუწერეს. მე მოვიყვანე შინ კერძო ფსიქიატრი, რომელიც გაესაუბრა, დარწმუნდა მის დიაგნოზში და დაუნიშნა “ჰალოპერიდოლის” ნემსები და რაღაც ტაბლეტები – სახელი აღარ მახსოვს. რამდენიმე თვე იღებდა ამ პრეპარატებს. ამის შემდეგ ცუდად გახდა – მოდუნდა, ვეღარ დადიოდა, ჰემოგლობინი 116 რომ უნდა ჰქონოდა, 30-მდე დაუვარდა. პოლიკლინიკის ექიმმა ჰემოგლობინის ასამაღლებელი დაუნიშნა, რომელმაც კარგად იმოქმედა. ამის შემდეგ სხვა ფსიქიატრი მოვუყვანე, ისევ კერძოდ. მან მოუხსნა ძველი პრეპარატები და დაუნიშნა “კეტილეპტი” და “ტრიტიკო”. ყველა პრეპარატს ჩემი სახსრებით ვიძენდი. ცოტა ხანს სვამდა, მერე მიატოვა”, – აცხადებს დაკავებულის დედა.
ჟურნალისტი ინტერესდება, თუ როგორ გრძნობდა თავს მაშინ თამარ საძაგლიშვილი.
“ჰემოგლობინი 69-მდე აეწია. ფსიქიკური მდგომარეობა ნორმალური ჰქონდა. ჩეულებრივად საუბრობდა, საქმეს აკეთებდა, ხატავდა… წამლები რომ შეწყვიტა, მაშინაც კარგად იყო, რამდენიმე დღის წინ კი ეს გააკეთა…”, -აღნიშნავს დაკავებულის დედა.
მისი თქმით, ინციდენტამდე თამარ საძაგლიშვილი სახლში მარტო იყო.
“კი, მარტო იყო. იმავე ღამით 23.30-ზე მელაპარაკა ტელეფონით. არაფერი ახსოვდა, მითხრა, კარგად ვარო. რაღაცებს მომიყვა – ეს გავაკეთე, ის მოვიტანეო… ახლა დაიძინე, მეც ვიძინებო. ამის შემდეგ ღამის 3 საათზე მოვიდნენ და წაიყვანეს… იმდენ რამეს ამბობენ… “ფეისბუკში” ისიც დაწერეს, ძიძად მუშაობდა სამი თვის ბავშვთან და თვითონ მიატოვა სამსახურიო. ჩემს შვილს ძიძად არასდროს უმუშავია…”, -აცხადებს მანანა ჩხიკვაძე.

წყარო: “კვირის პალიტრა”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები