ვლადიმერ ბორცვაძე: დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებს ავუხსენით, რომ ეს საგუშაგო უსაფრთხოების დაცვას ემსახურება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი ქართულ მხარესთან ულტიმატუმის ენით საუბარს არ აპირებენ. როგორც მან აღნიშნა, დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებს არგუმენტირებულად განვუმარტეთ, რომ საგუშაგო ერთადერთ მიზანს- უსაფრთხოების დაცვას ემსახურება.
„დღევანდელ შეხვედრაზე არაერთ საკითხთან დაკავშირებით იყო საუბარი. პირველივე და მთავარი არის ის, რომ როგორც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი არ აპირებენ ჩვენთან ულტიმატუმის ენით საუბარს. განმარტეს, რომ ეს იყო არასწორი ინტერპრეტაცია ჟურნალისტების მხრიდან. ცალსახა, რომ ბლოკსაგუშაგო განთავსებულია ერთადერთი მიზნით, უსაფრთხოების დაცვის მიზნით. ჩვენ კითხვებზე, რომლებიც საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებით გააჩნდათ, დეფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებს ავუხსენით და განვუმარტეთ, რომ ეს საგუშაგო ემსახურება ერთადერთ მიზანს, უსაფრთხოების დაცვას. მათ თქვეს, რომ ამ საგუშაგომ შეშფოთება გამოიწვია ადგილობრივ ხელისუფლებაში.
გარკვეული კითხვები ბლოკპოსტის ლოკაციასთან დაკავშირებით დაისვა, თუმცა ლოგიკური არგუმენტები, რატომ არ უნდა იყოს საგუშაგო ამ ლოკაციაზე, არ დაგიმალავთ, ვერ მოვისმინე. ჩვენ ჩვენი არგუმენტები ვუთხარით. შესაბამისად, ბლოკსაგუშაგო რჩება ამ ადგილზე და ჩვენი ბიჭები აგრძელებენ უსაფრთხოების დაცვას, ისევე როგორც აქამდე ახორციელებდნენ“, – განაცხადა ბორცვაძემ.