ქეთევან ციხელაშვილი: „ყველა ნაბიჯი, რომლებიც ჩვენი მხრიდან იდგმება, სიტუაციის დეესკალაციისკენ არის მიმართული“

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ყველა ნაბიჯი, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან იდგმება, სიტუაციის დეესკალაციისკენ და ზოგადად, უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფისკენ არის მიმართული, ისევე, როგორც პოლიციის საგუშაგო ჩორჩანას მახლობლად.
მისი თქმით, საგუშაგოსთან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებები აბსოლუტურად გაუმართლებელი იყო.
„ამასთან დაკავშირებით განცხადებები, რომლებიც ვრცელდებოდა, იყო აბსოლუტურად გაუმართლებელი ყველა თვალსაზრისით და არა მარტო სამართლებრივი თვალსაზრისით. ცხადია და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ შედგება ტექნიკური შეხვედრა, რომელზეც გვაქვს მოლაპარაკება. ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი ჟენევის თანათავმჯდომარე. ვფიქრობ, ნამდვილად საჭიროა გაცნობიერება, რომ არავის ინტერესში არ შედის რაიმე ტიპის ესკალაცია. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ მოსახლეობის ინტერესში ეს არ და ვერ იქნება, საოკუპაციო ხაზის როგორც აქეთ, ისევე იქით მხარეს, იქნება ეს ჩორჩანა თუ წნელისი, არ აქვს მნიშვნელობა“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია მოსახლეობის უსაფრთხოება და ამისკენ არის მიმართული ძალისხმევა.
„მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩემი მოწოდება და გამოვხატო იმედი, რომ ნებისმიერი განცხადებისა და მოწოდებისგან, რომლის დაანონსებაც ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში, ყველა შეიკავებს თავს და მოხდება სიტუაციის განმუხტვა უსაფრთხოებისა და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
მინისტრის თქმით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი სტაბილურობის უზრუნველყოფის ამოცანას ემსახურება.
„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი, მათ შორის პოლიციის საგუშაგოს მოწყობა, ემსახურება დეესკალაციის, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების თვალსაზრისით სტაბილურობის უზრუნველყოფის ამოცანებს“, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები