კახაბერ ქემოკლიძე: სოფელ ჩორჩანაში ჩამოსულები არიან ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი, შეიძლება შედგეს შეხვედრა

სოფელ ჩორჩანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახაბერ ქემოკლიძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში ჩამოსულები არიან ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ბატონი რუდოლფ მიხალკა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი ბატონი ერიკ ვერბო. არსებობს ვარაუდი, რომ მათი მხრიდან შეიძლება შედგეს გარკვეული შეხვედრა დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებთან, რომლებსაც შეიძლება ასევე დაესწრონ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები. ვნახოთ, მოვლენებს არ გავუსწროთ. ჩვენ მოწოდებული ვართ იმისთვის, რომ კონსტრუქციული კუთხით გავაგრძელოთ თანამშრომლობა. ჩვენი პოლიციის საგუშაგოს ბლოკპოსტის განთავსება ემსახურება ადგილზე უსაფრთხოების გარემოს, რომელიც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოცემული მომენტისთვის”,-აღნიშნა ქემოკლიძემ.
​მისივე განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსახლეობის ნაწილი სოფელს ტოვებს, არ შეესაბამება სიმართლეს. რაც შეეხება გასროლას, ქემოკლიძის თქმით, სავარაუდოდ ის სანადირო თოფით არის განხორციელებული და ნადირობის სეზონს უკავშირდება.
​„ის ორი გასროლა, რომელიც ძალიან ხმადაბლა გაისმა, მაღალი ალბათობით, განხორციელებულია გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან ე.წ. სანადირო თოფის მეშვეობით, რომელიც ჩვენი ვარაუდით, აქტიურ სამონადირეო სეზონს უკავშირდება“,- განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები