სოფელ ჩორჩანაში შს მინისტრის მოადგილე ჩავიდა- ,,სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება”
სოფელ ჩორჩანაში, სადაც საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ საპოლიციო საგუშაგო განათავსა, შს მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე იმყოფება.
მისი თქმით, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში შსს თანამშრომლები იმყოფებოდნენ, ვითარება კი სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.
„მთელი ღამის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან ერთად ვიმყოფებოდით აქ. სიტუაცია სტაბილურია და ექვემდებარება კონტროლს. ასევე, ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, ამოქმედებულია ყველა შესაბამისი მექანიზმი, რათა კონსტრუქციული თანამშრომლობით დარეგულირდეს ყველა სადავო საკითხი, ყოველგვარი ექსცესებისა და გამწვავების გარეშე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სიტუაცია არის სტაბილური და ექვემდებარება კონტროლს“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
საოკუპაციო ძალების და ცხინვალის წარმომადგენლებმა 29 აგვისტოს ერგნეთის შეხვედრაზე ქართულ მხარეს ულტიმატუმი წაუყენეს, რომ დილის 06:00 საათისთვის საპოლიციო საგუშაგო უნდა აეღოთ. გარდა ამისა, პროტესტის ნიშნად მათ მოლაპარაკებათა მაგიდა დატოვეს.