ევროკავშირის ელჩი: „საოკუპაციო ძალების მიერ გამოყენებული კონფრონტაციული ენა მიუღებელია“
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი სოფელ ჩორჩანაში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა.
როგორც ელჩმა Twitter-ის გვერდზე დაწერა, საოკუპაციო ძალების მიერ გამოყენებული კონფრონტაციული ენა მიუღებელია.
„ჩორჩანას გარშემო შექმნილი სიტუაცია, მათ შორის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარის გასწვრივ შეიარაღებული პირების სიახლოვე და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე გამოყენებული კონფრონტაციული ენა, მიუღებელია. ჩვენ ველოდებით, რომ ყველა მხარე გამოიჩენს მაქსიმალურ თავშეკავებულობას და გამოიყენებს თავის გავლენას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ვითარების ესკალაცია არ მოხდეს“, – წერს კარლ ჰარცელი.
საოკუპაციო ძალების მიერ 29 აგვისტოს ერგნეთის შეხვედრაზე წამოყენებული ულტიმატუმის ვადა დღეს 06:00 საათზე ამოიწურა.
დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები ქართული მხარისგან სოფელ ჩორჩანასთან განთავსებული საპოლიციო საგუშაგოს აღებას ითხოვენ.
ამჟამად, ადგილზე სიმშვიდეა.