რა ვითარებაა ამ დროისთვის ჩორჩანას საგუშაგოსთან

სოფელ ჩორჩანასთან, სადაც საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო განათავსა, ამ დროისთვის სიმშვიდეა.
როგორც „კვირას“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, დილის 06:00 საათზე იმ ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, რომელიც საოკუპაციო ძალების და ცხინვალის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს 29 აგვისტოს წაუყენეს. კერძოდ, რომ ქართულ მხარემ პოლიციის საგუშაგო უნდა აიღოს.
გვიან ღამით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ ,,საერთაშორისო თანამეგობრობის ჩაერევა, რათა პრობლემა დიპლომატიური ენის გზით მოგვარდეს. ოსურმა მხარემ ტონი უნდა შეარბილოს“.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის, შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის, კახაბერ ქემოკლიძის თქმით: „2008 წლამდე და ამის შემდგომაც ჩორჩანა იყო საქართველოს ტერიტორია და ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, ერგნეთში წამოყენებული ულტიმატუმი კი ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული“.
რაც შეეხება საოკუპაციო ძალებს, ისინი მთელი ღამის განმავლობაში ვითარებას ტყის მასივიდან აკვირდებოდნენ, თუმცა ამ დრომდე არანაირი განცხადება არ გაუვრცელებიათ.
ამჟამად ადგილზე კახაბერ ქემოკლიძე რჩება.
ამასთან, „კვირას“ კორესპონდენტის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოფელ ჩორჩანას მოსახლეობა პანიკაშია და სახლებს ტოვებს, სიმართლეს არ შეესაბამება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები