უმაღლეს რადაში ზელენსკის ფრაქციის თავმჯდომარე აფხაზეთიდან დევნილი დავით არახამია გახდა

უკრაინის უმაღლესმა რადამ სამთვიანი პაუზის შემდეგ მუშაობა დღეს განაახლა.
IX მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში ხუთი ფრაქცია და ერთი სადეპუტატო ჯგუფი შეიქმნა.
უკრაინის პარლამენტში შექმნილი ფრაქციები და მათი თავმჯდომარეებია: ფრაქცია „ხალხის მსახური“ – 254 დეპუტატი, თავმჯდომარე- დავიდ არახამია;
„ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“- 44 დეპუტატი, თანათავმჯდომარეები- იური ბოიკო და ვადიმ რაბინოვიჩი;
„ევროპული სოლიდარობა“ – 27 დეპუტატი, თანათავმჯდომარეები- არტურ გერასიმოვი და ირინა გერაშჩენკო;
„ბატკივშჩინა“ – 25 დეპუტატი, თავმჯდომარე იულია ტიმოშენკო;
„ხმა“ – 25 დეპუტატი, თავმჯდომარე სერგეი რახმანინი;
სადეპუტატო ჯგუფი „მომავლისთვის“ 23 დეპუტატი- თანათავმჯდომარეები- ვიქტორ ბონდარი და ტარას ბატენკო.
სავარაუდოდ, დღეს ასევე უკრაინის მთავრობის ფორმირება მოხდება.
რაც შეეხება ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარეს, დავით არახამიას, ის 1979 წელს სოჭში დაიბადა, ცხოვრობდა გაგრაში და 1992 ომის შედეგად იძულებული გახდა, მშობლებთან ერთად საცხოვრებლად უკრაინის ქალაქ ნიკოლაევში გადასულიყო.
დავით არახამია, ასევე, დევიდ ბრაუნის ფსევდონიმით არის ცნობილი.
21 ივნისს ის ეროვნული საინვესტიციო საბჭოს მდივნად დაინიშნა, ასევე არის საინფორმაციო ტექნოლოგიური კომპანია „თემფლეით მონსთერის“ დამფუძნებელი, არის პროექტის „სახალხო ფრონტის“ იდეის ავტორი, რომლის მონაწილეებიც დონბასში მებრძოლ უკრაინელ სამხედროებს ეხმარებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები