თამარ ხულორდავა: უნდა ვაცნობიერებდეთ შედეგს, რაც შეიძლება მივიღოთ რუსეთის მხრიდან წამოსულ პროვოკაციაზე წამოგების შემთხვევაში
საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას თქმით, ყველა უნდა აცნობიერებდეს იმ ფაქტს, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს რუსეთიდან წამოსულ პროვოკაციაზე წამოგებას. როგორც მან აღნიშნა, მათთვის პირველ რიგში საზოგადოების უსაფრთხოებაა მნიშვნელოვანი.
„ამ საკითხებზე გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე. ჩვენთვის მთავარია საზოგადოების უსაფრთხოება. საქართველომ იცის, რა არის პროვოკაციებზე წამოგების ფასი, ეს კინო ნანახი გვაქვს. ყველა კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ იმას, თუ რა შედეგებთან შეიძლება საქმე გვქონდეს, თუ იმ პროვოკაციებს წამოვეგებით, რასაც რუსეთის მხრიდან ადგილი მუდმივად აქვს. ეს იქნება ჩვენი პასუხი. რას ვაკეთებთ საერთაშორისო ასპარეზზე? – ძალიან არადამაჯერებელი პოზიციაა ოპოზიციის მხრიდან, როცა ხელისუფლებას უმოქმედობაში გვადანაშაულებს, რადგან ბევრი რამე კეთდება საერთაშორისო ასპარეზზე“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
მისივე თქმით, ოპოზიციის ბრალდება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე საერთაშორისო ასპარეზზე არაფერი კეთდება, მიუღებელია.
„ასეთი ვიზიტი ოთხ წელიწადში ერთხელ ხდება მხოლოდ, ერთი საპარლამენტო მოწვევის ფარგლებში და პირველი რაც მათ გააკეთეს, საოკუპაციო ხაზთან მისვლა იყო. ეს მკაფიო მხარდაჭერაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ოპოზიციის ბრალდება, რომ არაფერი კეთდება, საერთაშორისო ასპარეზზე მიუღებელია.
ოპოზიცია საუბრობს, რომ სანქციებზე საუბარი უნდა გავააქტიუროთ, თითქოს, რუსულ აგრესიას ეს შეაჩერებს, თუმცა უკრაინასთან მიმართებაში სანქციები ძალაშია, მაგრამ რუსულ ოკუპაციას არ აჩერებს. მთავარია, ქვეყნის დეოკუპაცია მშვიდობიანად მოვახდინოთ“, – აღნიშნა თამარ ხულორდავამ.