ანდრეას ნორლენი: ბევრი სფეროა, რომელშიც საქართველოს მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით
“გავაგრძელებთ საქართველოს ამბიციების მხარდაჭერას, რომ ის ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდეს ევროკავშირს”, – ამის შესახებ შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარემ ანდრეას ნორლენიმ თბილისში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან, შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, შვედეთი საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია.
„ჩვენ მივესალმებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ამოქმედებას. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, არის პრობლემები, რომლებიც უნდა გადაიჭრას. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ამბიციების მხარდაჭერას, რომ ის ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდეს ევროკავშირს. ჩვენ ასევე ვეხმარებით და ვუჭერთ მხარს საქართველოს სხვადასხვა დემოკრატიული ინსტიტუტის განმტკიცებას. ამ ძალისხმევაში ჩვენი კონტრიბუცია დიდია.
დემოკრატია ასევე ნიშნავს ადამიანის უფლებების დაცვას და მათ შორის ქალებისა და უმცირესობების უფლებების დაცვას. დემოკრატია არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ასე რომ, ბევრი სფეროა, რაშიც საქართველოს მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით, მათ შორის ეუთო-ს რეკომენდაციების შესრულებაში. როგორც ვიცი, ეს რეკომენდაციები მზადდება. ბევრი საკითხია და ჩვენ ვცდილობთ, საქართველოს დემოკრატიის მტკიცე პარტნიორები ვიყოთ“, – განაცხადა საქართველოში ვიზიტით მყოფმა, ანდრეას ნორლენიმ.