არჩილ თალაკვაძე: ჩვენი გრძელვადიანი ამოცანაა, რომ მშვიდობიანი გზით გადავწყვიტოთ ოკუპაციის საკითხი
“ჩვენ არ შევეგუებით ოკუპაციას და ადამიანის უფლებების დარღვევის არც ერთ ფაქტს, თუ იმ პრობლემებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებობს, არ შევეგუებით და არ დავტოვებთ ყურადღების გარეშე”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება პარტნიორებთან ერთად შესაბამის მომენტს ქმნის, რომ მომავალში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელი იყოს.
„საქართველოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და რუსეთის ფედერაციის სამხედროები უკანონოდ დგანან ჩვენს ტერიტორიებზე. ოკუპირებულ რეგიონებში არის შემაშფოთებელი ვითარება ადამიანის უფლებების დარღვევების მხრივ, დანაშაულებრივი ფაქტების მხრივ. ადგილი აქვს ჩვენი მოქალაქეების გატაცებებს. ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა სათანადო რეაგირება და ყურადღება იყოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ამ ვითარებასთან დაკავშირებით. მეორეს მხრივ, ჩვენი გრძელვადიანი ამოცანა არის, რომ მშვიდობიანი გზით გადავწყვიტოთ ეს პრობლემები და ოკუპაციის საკითხი. გვჯერა, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მომენტს ვქმნით, როცა მომავალში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქნება შესაძლებელი. ამას განვიხილავთ კონტექსტში, როცა საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას, საქართველო აკეთებს საერთაშორისო მხარდაჭერის კიდევ უფრო მეტ კონსოლიდაციას. ეს ხდება პარტნიორებთან აქტიური მუშაობის გზით.
მეორე მხრივ, ჩვენი პასუხისმგებლობა გათვითცნობიერებული გვაქვს საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარების წინაშე, რომ საქართველოს სჭირდება უსაფრთხოება, სტაბილური განვითარების გარანტიები, რათა ჩვენ მიერ დასახულ მიზანს მივაღწიოთ. ჩემს კოლეგასთან განხილვა გვქონდა, მომავალშიც გვაქვს შვედეთისა და ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების, ასევე, სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის იმედი და მჯერა, რომ ამ გზით შევძლებთ, ოკუპაციას გავუმკლავდეთ. რა თქმა უნდა, რთულია თითოეული შემთხვევა, იმ ადამიანების ბედი, რომელთაც, სამწუხაროდ, ყოველდღიურ რეჟიმში ეხება ოკუპაციის პრობლემა. ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოებასთან მუშაობს, ცხელი ხაზის მექანიზმს იყენებს და ასევე, ყველა შესაძლებელ ღონისძიებას ატარებს, რათა ოკუპაცია, მისი შედეგები და მისი ყოველდღიური გამოვლინება რაც შეიძლება მეტად იყოს შეკავებული და შეჩერებული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.