საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთთან დიალოგის განახლების პირობები დაასახელა
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რუსეთის პოზიციის ცვლილება, შესაძლოა, თბილისსა და მოსკოვს შორის დიალოგის განახლების საფუძველი გახდეს, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება მზად საქართველო რუსეთთან კონტაქტის დასამყარებლად.
ამის შესახებ ზურაბიშვილმა Euronews-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„იმისთვის, რომ რუსეთთან რაიმე კონტაქტები გვქონდეს, ისინი განვაახლოთ, უნდა მკაფიოდ გავიაზროთ, რომ პატარა მეზობელი ქვეყნის მიმართ, როგორიც არის საქართველო, რუსეთის პოზიცია შეცვლილია. გარდა ამისა, რუსეთმა უნდა გაიაზროს, რომ ურთიერთობა დაძალებაზე ვერ აეწყობა. როდესაც ამ მიმართულებით მკაფიო ნიშნებს დავინახავთ, დარწმუნებული ვარ, მომავალში დიალოგისთვის მზად ვიქნებით“,-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.