ჯაბა ჯიშკარიანი: დღეს ბუტას დღეა, ბიჭის, რომელმაც დაგვანახა, რომ სისტემა კლავს

0

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი და მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი ბუტა რობაქიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს. როგორც მან აღნიშნა, 19 წლის ბიჭმა საზოგადოებას დაანახა, რომ მაშინდელი ხელისუფლება უმოწყალო იყო. მისივე თქმით, ეს სახელი და გვარი ყოველთვის იქნება საზოგადოების ნაწილი.
“დღეს ბუტას დღეა, დაბადების დღე.
თითოეული ჩვენგანის გულებში ბუტა 19 წლის პატარა ბიჭად დარჩა, ბიჭად, რომელიც სისტემის მსხვერპლი გახდა და ჩაცხრილეს, ბიჭი, რომლის სახელსაც არაერთი სიბინძურე დააბრალეს…
ბუტა რობაქიძე – ეს სახელი და გვარი ყოველთვის იქნება ჩვენი ნაწილი, ჩვენი ცხოვრების, ისტორიის ნაწილი. 19 წლის ბიჭი, რომელმაც დაგვანახა, რომ სისტემა კლავს, რომ სისტემა უმოწყალოა. და სწორედ ბუტამ, სანდრომ, ზურამ, გიორგიმ – ამ ბიჭებმა მოახერხეს და ნიღაბი ჩამოხსნეს ხელისუფლებას და სწორედ მათ გააერთიანეს ქართველი ხალხი სისტემის წინააღმდეგ…”,-წერს ჯაბა ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში.
​შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძე 2004 წლის 23 ნოემბერს, დიდუბის ეკლესიასთან, მეგობრებთან ერთად, საპატრულო პოლიციამ გააჩერა. პატრულის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, გიორგი ბაშალეიშვილმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. რობაქიძეს ორი ტყვია მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი